„არ ვიცი რას ეძებენ“ – ბიძინა კუჭავას აგარაკზე სამართალდამცველები მუშაობენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას აგარაკზე, რომელიც ბორჯომის რაიონში, ტიმოთესუბანში მდებარეობს, საგამოძიებო მოქმედებებბი მიმდინარეობს.

აგარაკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტები და სამართალდამცველები მუშაობენ. ექსპერტები სახლს და მის მიმდებარე ტერიტორიას სპეციალური მოწყობილობით, გეორადარით ამოწმებენ.

საგამოძიებო მოქმედებებს ბიძინა კუჭავას მეუღლე და ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე ესწრება.

კორკოტაძესა და პროკურორს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. ადვოკატის მტკიცებით, აგარაკის დათვალიერება გუშინაც მოხდა, რაც საპროცესო ნორმების დარღვევაა.

„დღეს ფაქტის წინაშე დამაყენეს, რას ეძებენ არ ვიცი. გამოძიებას ვთხოვ, რის საფუძველზე ჩატარდა გუშინდელი დათვალიერება, განგვიმარტოს. გუშინდელი დადგენილება არ გადმოგვეცა და აღნიშნულს აუცილებლად გავასაჩივრებთ“,-განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

აგარაკის შემოწმების მიზეზების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ბიძინა კუჭავას ქვრივი, მარინა ნიკოლოზაშვილი.

„გუშინაც უმუშავიათ, მაგრამ შეტყობინება არ ყოფილა, არ დაურეკავთ. დღეს დაგვირეკეს და ამოვედით. 2 000 კვადრატულია ეს ეზო. არ ვიცი რა უნდა თხარონ და რას ეძებენ კონკრეტულად, ხომ შეიძლება რომ ვიცოდეთ?!“, – აღნიშნავს კუჭავას მეუღლე.

ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში, 24-ე კორპუსში პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი 17 იანვრის ღამეს აღმოაჩინეს. ქირიას ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილის ნათესავი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც თავის მხრივ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ბიძინა კუჭავას ავტოფარეხი სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ უკვე დაათვალიერეს, სადაც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძვალი იპოვეს.

Comments
Loading...