„არა მარტო ოპოზიცია, ზოგჯერ, უმრავლესობაც მექოთნეს ჰგავს“

ოპოზიცია ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციების დახვეწის მომხრეა და კრიზისების მართვის საბჭოსგან შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის წარდგენას ითხოვს, უმრავლესობა კი, აღნიშნული სტრუქტურების ფუნქციებს ერთმანეთისგან მიჯნავს და ოპოზიციის შეხედულებებს არ იზიარებს.

თუ რა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები აქვთ ირინა იმერლიშვილისა და მინდია ჯანელიძის უწყებებს, ამის გარკვევის მიზნით, for.ge პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა:

ბატონო ვახტანგ, რა შედის ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციებში?

– უშიშროების საბჭო კონსტიტუციის იმ თავშია შეტანილი, რომელსაც სახელმწიფოს თავდაცვა ჰქვია. ეს იმ ფუნქციაზე მიანიშნებს, რომელსაც ეროვნული უშიშროების საბჭო უნდა ატარებდეს. კონსტიტუციის გათვალისწინებით, ეროვნული უშიშროების საბჭო სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვით ორგანიზაციისთვის იქმნება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ანუ, საბჭოს ჩარჩო კონსტიტუციამ განსაზღვრა. შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობაც ამ ორი მსხვილი საკითხით უნდა შემოიფარგლებოდეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რომლის აღსრულებასაც მთავრობა აკეთებს.

ამ საბჭოს აღმასრულებელი ფუნქციები ვერანაირად ვერ ექნება – კონკრეტული მოქმედებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები – რომელმა უწყებამ რა უნდა გააკეთოს. ეროვნული უშიშროების საბჭო ნორმატიულ აქტებს არ გამოსცემს და მისი ერთადერთი გადაწყვეტილება ისაა, რომ პარლამენტს სამხედრო ძალების რაოდენობას წარუდგენს. ანუ, გადაწყვეტილების მიმღები პარლამენტია, მაგრამ წარდგენა საბჭოს მიერ ხდება. მას სხვა ფუნქციები არ აქვს და სრულიად აუცილებელია, რომ აღმასრულბელი ხელისუფლების სტრუქტურაში ისეთი უწყება არსებობდეს, რომელიც ერთი მხრივ, წინასწარ დაგეგმავს სხვადასხვა კრიზისული სიტუაციას, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფებით, ეპიდემიებით, მასობრივი არეულოებითა და ქვეყნის მიმართ აგრესიით.

ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ამ გამოწვევებს კრიზისების მართვის საბჭო პასუხობს?

– კრიზისების საბჭომ კრიზისების შესაძლო სცენარები უნდა შექმნას, რომელიც უნდა დაამუშაოს და მოამზადოს მასალა, თუ როგორი სცენარები შეიძლება განვითარდეს, ასევე თითოეულის მოხდენის შემთხვევაში რა მოქმედებები უნდა შესრულდეს და ამ პროცესში რომელი უწყება უნდა ჩაერთოს. ნათელია, რომ ეპიდემიის დროს წამყვანი ჯანდაცვის სამინისტრო იქნება, ხოლო ეკოლოგიური კატასტროფის დროს – გარემოს დაცვის სამინისტრო. თუკი კრიზისული ვითარება შეიქმნება, მაგიდაზე მზა სცენარი უნდა დადონ, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ. გარდა ამისა, ამ უწყებაში გაერთიანებული უნდა იყოს მართვის კომუნიკაციები. ეს ყველაფერი მთავრობის საქმეა და არა ეროვნული უშიშროების საბჭოსი.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ორი სტრუქტურის გაერთიანება თავსებადი არ იქნება?

– არ იქნება, რადგან გამოვა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციას იძენს. ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, სადაც ასევე შედიან: პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, რამდენიმე მინისტრი და კომიტეტის რამდენიმე თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციას თუ შევხედავთ, ყველაზე მეტი წილი მთავრობაზე მოდის. რატომ? – იმიტომ, რომ იმ საკითხების მოსაგვარებლად, რასაც კონსტიტუცია ავალებს, ამას სჭირდება როგორც საკანონმდებლო ბაზა, ასევე კონკრეტული მოქმედებების შესრულება და ფინანსების გამოყოფა. კრიზისების მართვის უწყება მთავრობაში უნდა იყოს და არა პრეზიდენტთან.

ეს საბჭოები ცალ-ცალკე თავის ფუნქციებს რამდენად ნაყოფიერად ასრულებენ?

– მოგეხსენებათ, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობაში გარკვეული პრობლემები იყო და დღეს ამ პრობლემებს ვეღარ ვხედავ. რაც შეეხება მისი საქმიანობის ეფექტურობას, ამის შეფასება გამიჭირდება, რადგან როგორც წესი, უშიშროების საბჭოს სხდომები დახურულია, სადაც საიდუმლო ინფორმაციების შემცველი ცნობები განიხილება. ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობის შედეგებზე მსჯელობა იმის მიხედვით შეგვიძლია, თუკი ქვეყანას სამხედრო უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს ვითარება შეიქმნას, მაგრამ დასკვნების გაკეთება მაშინ შეგვეძლება.

რაც შეეხება კრიზისების მართვის საბჭოს, ამ საბჭოს შექმნიდან დიდი დრო არ არის გასული. ზოგადად, კრიზისების მართვა საკმაოდ რთულია, რომელსაც სათანადო ორგანიზება და სათანადო ცოდნა სჭირდება. ჩვენთან ასეთი უწყება არ არსებობდა და ამის შექმნა ნულიდან დაიწყო. კრიზისების მართვა დონეების მიხედვით არის განსაზღვრული. ევროპის ძველ სახელმწიფოებს კრიზისების მართვის გამოცდილება აქვთ. შეფასებების გაკეთება მაშინ შეგვეძლება, როცა ესა თუ ის კრიზისი წარმოიქმნება და შევხედავთ, მას სახელმწიფო რამდენად გაუმკლავდება.

სახელმწიფო 13 ივნისის მოვლენებს როგორ გაუმკლავდა?

– ზაფხულში რაც მოხდა, მაშინ სისტემა შექმნილი არ იყო. ამას ყველაფერს დრო და რესურსები სჭირდება როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური.

ადამიანური რესურსი ახსენეთ და გკითხავთ. „თავისუფალი დემოკრატები“ ამბობენ, რომ კრიზისების მართვის საბჭო სამსახურიდან დათხოვნილი კადრების თავშესაფრად იქცა. თქვენც ასე ფიქრობთ?

– ამაზე ვერაფერს გეტყვით.

საბჭოს თავმჯდომარეა მინდია ჯანელიძე, მისი მოადგილეა ალექსანდრე ჭიკაიძე. მათი საქმიანობით კმაყოფილი ხართ?

– მინდია ჯანელიძე სანამ თავდაცვის მინისტრი გახდებოდა, მანამდე კრიზისების მართვის საბჭოში მუშაობდა. ძნელია იმის თქმა, რომ ეს უწყება ვინმეს თავშესაფარია. ვიღაც იტყვის, რომ მისი კომიტეტის აპარატში ის ადამიანები მუშაობენ, რომლებიც ნაციონალების დროს აპარატში მიიღეს. ვიღაც იმას იტყვის, რომ ვინც ნაციონალების დროს მიღებული იყო, ისინი სამსახურიდან გაუშვეს. მსგავსი რაღაც ხომ მოგისმენიათ? – თანამშრომლების შერჩევის წესი არსებობს. თუკი ყოფილი თანამდებობის პირი სხვა პოსტზე აღმოჩნდება, ეს კარგია თუ ცუდი? – იმის თქმა, რომ რადგან ადამიანს თანამდებობა ეკავა, მისი კარიერა მორჩა და მას ჯვარი უნდა დაესვას, არასწორი მიდგომაა. როცა საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში ადამიანი პოსტს იკავებს და შემდეგ იმ თანამდებობაზე აღარ არის, მას მუშაობის უფლება აღარ აქვს?

რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ როცა ადამიანი თალიბანს პიროვნებად მიიჩნევს, ის კრიზისების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე უნდა იყოს?

– არ ვიცი, მისი ფუნქცია რა არის. შესაბამისად, მას ვერ შევაფასებ. დამოკიდებულება, რომ ვინმემ რომელიმე თანამდებობაზე არ ივარგა და სხვა პოსტზეც არ ივარგებს, არასწორია. წარმოიდგინეთ, კარგი ფიზიკოსი ისტორიის მასწავლებლად რომ შეუშვათ…

თქვენს შემთხვევას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ თავს გაართმევს, რადგან თქვენ პროფესიით ფიზიკოსი ხართ, მაგრამ ერთ-ერთი ძლიერი კონსტიტუციონალისტიც…

– ჩემო კარგო, მე სამართალი ვისწავლე. წინადადება არ დამამთავრებინეთ. კარგი ფიზიკოსი ისტორიის მასწავლებლად რომ შეუშვათ, შეიძლება, მან ივარგოს, ან – ვერა. თუკი მას ისტორია შესწავლილი აქვს, სხვებსაც კარგად ასწავლის. ისტორიის კარგი მასწავლებელი მათემატიკის კარგი მასწავლებელი შეიძლება ვერ იყოს და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი უვარგისია? ადამიანი იმ საქმიდან გამომდინარე უნდა შეაფასო, რასაც ის აკეთებს. კარგმა სანტექტნიკოსმა შეიძლება დურგლად ვერ ივარგოს. ან შეიძლება ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც კარგი სანტექნიკოსიც იყოს და დურგალიც.

თქვენ ეროვნული უშიშროების საბჭოსა და კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციები გამიჯნეთ. კონსტიტუციას ოპოზიციონერების კითხულობენ და შესაბამისად, მათ რა მიზანი ამოქმედებთ, როცა ამბობენ, რომ ამ სტრუქტურების ფუნქცია ერთი და იგივეა?

– ეს ფუნქციები იდენტური არ არის. ზოგჯერ ადამიანები მექოთნესავით იქცევიან – ამ ქოთანს ყურს საიდანაც მინდა, იქედან მოვაბამო.

ანუ, ქართველი ოპოზიციონერებიც მექოთნეებს გვანან?

– არა მარტო ოპოზიცია, ზოგჯერ, უმრავლესობაც მექოთნეს ჰგავს. ასეთი თვისება გარკვეულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს ახასიათებთ. ზოგადად, ობიექტურობა ძალიან რთული რაღაცაა. ადამიანებზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს, რომლებიც მათ არაობიექტურობისკენ უბიძგებთ. მე თუ მკითხავთ, ქვეყანაში ოპოზიცია აუცილებელია, მაგრამ აქ ისეთი ოპოზიცია იგულისხმება, რომელიც ვითარებებს კვალიფიციურად, კეთილსინდისიერად და ობიექტურად აფასებს. კეთილსინდისიერი მეცნიერი, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, ყოველთვის ძლიერ ოპონენტებს ეძებს. რატომ? – ოპონირების პროცესში ის თავისი დასკვნების სისწორეში განმტკიცდება, ან ხარვეზს დაინახავს. ოპონირება ასეთი ტიპის უნდა იყოს.

ქართულ რეალობაში ოპონირება როგორია?

– ობიექტური ოპონირება იშვიათია. იმის თქმა არ მინდა, რომ ოპონენტების გამონათქვამები ყოველთვის უსაფუძვლოა, მაგრამ სამწუხაროდ, იშვიათია. როცა უმრავლესობის ნებისმიერი მოქმედება უარყოფითად ფასდება, ეს უბრალოდ არასწორია. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ხდება, როცა მავანი ვინც გაკრიტიკებს, ხელისუფლებაში თავად იყო და ახლა მმართველი გუნდისგან იმის გაკეთებას ითხოვს, რომლის გაკეთების ყველა შესაძლებლობაც თავად ჰქონდა, მაგრამ არ გაუკეთებია და ამბობდა, რომ ამის გაკეთება არასწორი იყო.

თუმცა, ნაციონალები შეცდომებს აღიარებენ და თქვენ მოგიწოდებენ, რომ მათ მიერ შეცდომებს ნუ გაიმეორებთ…

– ვცდილობთ, რომ ეს შეცდომები არ გავიმეოროთ, მაგრამ ეს ყოველთვის გამოდის? – არ გამოდის. ეს საქმე მარტივი არ არის. შეუძლებელია, ერთნაირი მიდგომების მიღწევა. თუკი კომპრომისები არ იქნა, შეთანხმების მიღწევა საყოფაცხოვრებო საკითხებზეც კი რთულია. ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება ვერ მიიღება. მაგალითად, მე რაც სწორად მიმაჩნია, იქნებ, იმას თქვენ არასწორად თვლით. ვერაფერს გავაკეთებთ, თუკი ვერ შევთანხმდით და, ეს, როგორც წესი, კომპრომისია. ეს ჩვეულებრივი მართვის სქემაა. მთავარია, მცდარი ნაბიჯი არ იქნას გადადგმული. შეიძლება, ნაბიჯი სრული არ არის, მაგრამ მთავარია, რომ სწორი მიმართულებით გადადგმულია.

თქვენს მიერ მოყვანილი მაგალითები თქვენს ხელისუფლებას ყველაზე მეტად შეეფერება. კოალიციური მთავრობა ხართ და რიგ საკითხებზე პარტიული მიზნები, მისწრაფებები თუ ხედვები გაქვთ. „რესპუბლიკელები“ კოალიციური შეთანხმებას ითხოვთ და როგორ ფიქრობთ, კომპრომისებით სიარულს შეძლებთ, რადგან თქვენთან მიმართებაში უმრავლესობის წევრებს სხვა მოსაზრებები აქვთ? საერთოდაც, ამ შეთანხმებაში რას გულისხმობთ?

– ყველას აქვს უფლება თავისი მოსაზრება ჰქონდეს, ეს მოსაზრება მომწონს თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება შეთანხმებას, ვფიქრობ, რომ ასეთი შეთანხმება კოალიციურ რეჟიმში გადაწყვეტილებების მიღებას უფრო გააადვილებს. შეთანხმება ბევრ რაღაცას ითვალისწინებს, მათ შორის, როგორც პროგრამულ პრიორიტეტებს, ასევე გადაწყვეტილებათა შემუშავებათა და მიღწევის წესს.

რასაც თქვენი მმართველობის სამი წლის მანძილზე პრობლემა ჰქონდა?

– ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმის მცდელობა იყო, რომ მიღწეული ყოფილიყო შეთანხმება. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ისეთი საკითხები არსებობს, რომლის თაობაზეც სრული შეთანხმების მიღწევა, შეუძლებელია. ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ და გადაწყვეტილება როგორ უნდა მივიღოთ – თავი დავანებოთ თუ გადაწყვეტილების მიღწევა კენჭისყრით უნდა მოხდეს? – შეთანხმების საკითხები სწორედ ეს არის. დაზღვეული არავინ არის იმისგან, როცა რამდენიმე ადამიანი დავსხდებით და როცა ეს რამდენიმე პარტიაა, ყველა ერთ აზრზე არ აღმოჩნდეს, არადა, საკითხი გადასაწყვეტია.

ალბათ, ამ პროცესში გადამწყვეტი მაინც კვოტების რაოდენობაა. ყველას აინტერესებს, ახალ კოალიციურ შეთანხმებაში „რესპუბლიკური პარტიის“ ფასი რა იქნება. თქვენ რას ითხოვთ?

– ეს საკითხი მაშინ განიხილება, როცა ამ საკითხების გადასაწყვეტად ის სუბიექტები დასხდებიან, რომლებიც კოალიციაში ერთად ყოფნას აპირებენ. ამას რატომ ვამბობ? – შეიძლება, კოალიციაში ყოფნა ათ სუბიექტს სურდეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებით, კოალიცია ოთხი-ხუთი სუბიექტისგან შედგეს. დრო სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ყველა საკითხი გადაიჭრას.

ამ მოწვევის პარლამენტში თქვენი შრომით ერთ-ერთი გამორჩული დეპუტატი ხართ. მომავალ პარლამენტში მუშაობის გაგრძელების სურვილი გაქვთ?

– ამისათვის უფრო მეტი დროა დარჩენილი, ვიდრე კოალიციის შექმნისთვის.

წყარო:for.ge
თეონა მანაგაძე

Comments
Loading...