“არასამთავრობოების ზოგიერთი წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოებას აბინძურებს”

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოებას აბინძურებს. ამის შესახებ კომენტარი ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გააკეთა და ერთ-ერთ მაგალითად ეკა გიგაური დაასახელა.
“არასამთავრობოთა დიდი ნაწილი, გიგაურის ხელმძღვანელობით, რომელიც არასამთავრობოთ წარმოგვიდგა და როგორც იქნა, ახლა პოლიტიკაში თავის რეალურ სახეს გვაჩვენებს, “ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელებაა. საუბედუროდ, ისინი ძალიან აბინძურებენ სამოქალაქო საზოგადოებას. კარგი იქნება, დანარჩენი ნაწილიც, სამოქალაქო საზოგადოებას რომ უწოდებს თავის თავს და რეალურად “ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურის ნაწილი არიან, თუ თავადაც დაარქმევენ თავის თავს სახელს, როგორც გიგაურმა როგორც იქნა გადაწყვიტა”, – განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, რითაც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის მიერ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადების თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ყოფილი პრემიერი ყველანაირ უკანონო მოსმენას გამორიცხავს.
“მე დღეს გამოვრიცხავ ყველანაირ უკანონო მოსმენას, ისეთი კაცი უდგას სათავეში უშიშროების სამსახურს, რომ ამას არ იკადრებს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.