არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის საარჩევნო კოდექსის ცვლილების პირობა არ მიმიცია

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის საარჩევნო კოდექსის ცვლილების პირობა არ მიუცია. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას პირობა მისცა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ცვლილება მოხდება და კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.

“ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ დიალოგი საზოგადოების ყველა ფენასთან, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. პირობა, რომ ცვლილებები გაკეთდება, მიცემული არ ყოფილა, ეს არის ჩემი განცხადების ინტერპრეტაცია. მე ვთქვი, რომ ჩვენ ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა, მე მექნება კონსულტაციები გუნდთან. ეს გუნდის მისაღები გადაწყვეტილებაა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელზეც იქნება საუბარი. მიზანშეწონილობის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, რომ მათი არგუმენტები განვიხილოთ, ჩვენი არგუმენტები მივაწოდოთ და მერე რაღაც სიმართლეზე შევჯერდეთ. ეს ნორმალური პროცესია და ყველასთვის ნორმალური უნდა იყოს ასეთი საუბარი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

25 იანვარს, პრემიერ-მინისტრი და არასაპარლამენტო ოპოზიცია გამართულ შეხვედრაზე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

Comments
Loading...