არასრულწლოვანი გოგონა ძმისგან დაორსულდა

გაზეთ „პრაიმთაიმის“ ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგონა ძმისგან დაფეხმძიმდა. მომხდარ ფაქტს შსს-შიც ადასტურებენ.

თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ადგილმდებარეობისა და პირთა ვინაობის გამხელისგან გაზეთი თავს იკავებს.

ინცესტის ფაქტთან დაკავშირებით „პრაიმთაიმს“ ოჯახის მეზობელი ესაუბრა.

„მთელი სოფელი შოკში ვართ. გოგო ორსულობას დიდხანს მალავდა, ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა. ახლახან გავიგეთ, რომ უკვე 8 თვის ორსული ყოფილა. გინეკოლოგთან ჰყავდათ, თავიდან ნაყოფის მოცილება სურდა ოჯახს, მაგრამ 8 თვის ნაყოფი უკვე ჩამოყალიბებულია და ხელს ვინ მოჰკიდებდა. სიმართლე გითხრათ, ბავშვები მეცოდებიან, არასწორი აღზრდისა და უყურადღებობის შედეგია ეს ყველაფერი. როგორ გამოეპარათ მშობლებს მსგავსი რამ. ან ის ბავშვი რომ დაიბადება, როგორი იქნება, რა მომავალი აქვთ საერთოდ. წარმოუდგენელი რამაა. ბავშვს დღე-დღეზე გააჩენს“, – აღნიშნავს ერთ-ერთი მეზობელი.

გაზეთის ინფორმაციით, არასრულწლოვან და-ძმას შორის სქესობრივ ურთიერთობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, თუმცა ბოლო დრომდე ოჯახს რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევია.

ინფორმაცია „პრაიმთაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტეს, დაკავებულია არასრულწლოვანი.

„აღნიშნული დანაშაული გახსნილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლებით მიმდინარეობს“ – აცხადებენ შსს-ში. არსებული ინფორმაციით, დაკავებულ არასრულწლოვანს 5 თებერვალს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეუფარდა. მისი ორსული და კი სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს.

Comments
Loading...