არჩილ გამზარდია – ღარიბაშვილის ნაცვლად პრემიერი სააკაშვილი რომ ყოფილიყო

“პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან მძიმე წარმოსადგენია და სურვილი არ მაქვს წარმოვიდგინო, რა და როგორ იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა, თუმცა თუკი შევეცდებით ამის წარმოდგენას, თითქმის ყველაფერი დაახლოებით იგივე იქნებოდა, როგორც მისი მოღვაწეობის პირველ წლებში იყო.

უფლებების თვალსაზრისით, საქართველოში პრემიერი დღეს უფრო სერიოზულ ძალას წარმოადგენს, ვიდრე თავის დროზე პრეზიდენტი იყო, ამიტომ როცა ის შეიგრძნობდა ამ ძალაუფლებას ძალიან დიდი დოზით – პირველი, ციხეები ისევ შეივსებოდა იმ ზღვრამდე, რაც მის დროს იყო. შეიძლება ფორმალურად დაეშვა 1-2-დღიანი მასობრივი აქციები, თუმცა აუცილებლად გვექნებოდა საზოგადოებრივი კონფლიქტები, გვეყოლებოდა ძალიან ბევრი დაპატიმრებული ადამიანი სამშობლოს მოღალატის, ან რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის სტატუსით”.

ექსპერტის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მედიას ხელში ჩასაგდებად სერიოზულ ბრძოლას გაუმართავდა, თუმცა როგორც ის ამბობს, ამისათვის საქმე სასამართლომდე არც კი მივიდოდა.

“აღმოვაჩენდით, რომ ნებისმიერი მისი ოპოზიციური ტელევიზია იქნებოდა მისთვის მოსაწონ ხალხზე გადაფორმებული, მაგალითად რომ ავიღოთ “მაესტრო” ან “იმედი”, უცებ გადაუფორმდებოდა სააკაშვილისთვის სასურველ პიროვნებას, სავარაუდოდ, ეს იქნებოდა რომელიმე ღამის 3 საათზე გადაფორმებული, ნაჩუქარი ქონება, ამიტომ შესაბამისად, სასამართლო პროცედურები არ გვექნებოდა.

თუმცა უამრავი თანხა დაიხარჯებოდა საზღვარგარეთ ლობისტურ ჯგუფებზე, რომლებიც მხარს აუბამდნენ სააკაშვილს და ვითარებას ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს საქართველოში ყველაფერი კარგად არის”, – დასძენს გამზარდია.

მისი თქმით, ყველა ის ღონისძიება, რაც მოქმედი ხელისუფლების დროს მოხდა – იქნება ეს ბიზნეს-ფორუმი, ჩინეთთან საქმიანი ხელშეკრულება თუ ასოცირების
შეთანხმება, გახდებოდა ზარ-ზეიმის საგანი და ამ ყველაფერს ხალხი მოჩვენებითი ბედნიერებით დაუკრავდა ტაშს.

“მაგრამ ერთ წელიწადში მივიღებდით ჩრდილოეთ კორეის მსგავს სახელმწიფოს, სადაც ყველაფერი ერთი კონკრეტული მმართველის ხელში იქნებოდა მოქცეული, უკვე დანარჩენი იქნებოდა ორი კვარტლით მეტი განათება, კიდევ ორ სოფელში გაიყვანდნენ გაზს – ეს იქნებოდა გარკვეული ფრაგმენტები, რომელსაც სააკაშვილი ძალიან ეფექტურად დაიხვევდა ხელზე, მაგრამ ყველაზე მთავარი – ადამიანის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება იქნებოდა აბსოლუტურად განადგურებული”.

კითხვაზე, როგორ პოლიტიკას გაატარებდა ყოფილი პრეზიდენტი დღევანდელი ოპოზიციის მიმართ, ექპერტი ამბობს, თუ მიხეილ სააკაშვილი ამ ოპოზიციას საშიშ ოპონენტებად შეაფასებდა, ის მარტივად მოიშორებდა მათ.

“ზოგი იქნებოდა იმ ქვეყნად წასული, ან იქნებოდა ციხეში “ჩასმული”, მას ეყოლებოდა თავისი ოპოზიცია, მაგალითად შალვა ნათელაშვილი, რომელიც სასაცილოდ და კურიოზულად გამოხატავდა თავის აზრებს, სადაც გაშარჟდებოდა ნებისმიერი მისი პროტესტი, ასეთი ჯიბის ოპოზიცია აუცილებლად ეყოლებოდა. შეიძლება ერთი-ორი პატარა ტელევიზია ჯიბის ტელეკომპანიად დაეფუძნებინა, ეჩვენებინა, რომ ქვეყანაში არსებობს სხვა აზრიც.

ბოლო დღეებში გავრცელებულ ციხის კადრებზე კი, მიხეილ სააკაშვილის რეაქცია იქნებოდა მკაცრი.

სავარაუდოდ, ეს კადრები მხოლოდ ერთხელ გავრცელდებოდა, დანარჩენ შემთხვევაში კი დაიბლოკებოდა. შეიძლება უცბად მიეღოთ კანონი, კადრების გამავრცელებელი დაეპატირმებინათ და ა.შ.
თუ მსგავსი რამ მოხდებოდა, მხოლოდ ერთხელ, მეორედ და მესამედ ამას ვერ გაბედავდნენ, ამ ყველაფერს კი “დაამუშავებდნენ” “სახელმწიფოსა და ხელისუფლების უსაფრთხოების” მიზნით”.

წყარო: თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE

Leave A Reply

Your email address will not be published.