არჩილ გამზარდია: „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობს ბოკერიას გუნდი და სააკაშვილის გუნდი

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია არ გამორიცხავს, რომ სკანდალური ჩანაწერები ინტერნეტსივრცეში თავად „ნაციონალების” მიერ არის ატვირთული.

როგორც გამზარდიამ გაზეთ „ახალ თაობას” განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა” სწორედ ასე მუშაობდა 9 წლის განმავლობაში.

„რა თქმა უნდა, ის წამსვლელია ამაზე. „ნაციონალური მოძრაობა” სამი წელია, რევანშისთვის ემზადება. უამრავი მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ყველა ჩაუვარდათ.
„ნაციონალური მოძრაობა” ადამიანებს არ აღიქვამს ადამიანებად. მათ აღიქვამს, როგორც ჭანჭიკს საკუთარი ინტერესების მოსარგებად. დღეს ისინი ოპოზიცია არ არიან. ისინი არიან ყოფილი ხელისუფლება, რომელიც რევანშით აპირებს დაბრუნებას.

ბოლო დღეების განმავლობაში ისინი მუდმივად ცდილობდნენ დესტრუქციების შექმნას. უბრალოდ, ამას ვერ ახერხებდნენ, თუმცა, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, „ნაციონალურ მოძრაობაში” არსებობს ბოკერიას გუნდი და სააკაშვილის გუნდი.
სააკაშვილი და მისი გუნდი ამ დესტრუქციებისა და ქაოსის ბევრად უფრო მომხრეა, ვიდრე ბოკერია. ბოკერიას უფრო სხვა შეხედულებები აქვს” – აცხადებს გამზარდია.

Comments
Loading...