არჩილ გამზარდიას მიმართვა მთავრობას -“ესაუბრეთ ადამიანებს, აჩვენეთ ანგარიშები….”

“ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები – ჩვენი კოლეგები და პარტნიორები დაუმსახურებელ საყვედურებს აძლევს დღევანდელ ხელისუფლებას, ეს ერთი მხრივ, ხელისუფლების სისუსტის გამო ხდება, რომ მუდმივი კავშირი არ აქვს საერთაშორისო საზოგადოებასთან, არ აწვდით მუდამ განახლებად ინფორმაციას და არ უზიარებს ხშირად საკუთარ პოზიციებს. ყოველდღე უნდა ჰქონდეთ შეხვედრები, დეტალურად აცნობდნენ პროცესებს და ა.შ. ჩვენს პიარ და საგარეო სექტორს არასაკმარისი ეფექტურობა ახასიათებს.
მეორე მხრივ, ეს ძალიან კარგი პროცესია. რამდენადაც ვხედავთ, ევროპა ჩვენ თანაბრად, საკუთარ ნაწილად განგვიხილავს და ამიტომ ითხოვს, ვიყოთ მაქსიმალურად მოწოდების სიმაღლეზე, რისკების დონე მინიმუმამდე დავიყვანოთ და ყველაფერი გამჭვირვალედ ხდებოდეს. ეს ძალიან კარგია, რადგან ევროპა არ განგვიხილავს ჩვენ უკვე დიქტატორულ ქვეყნად, არამედ დემოკრატიულ სახელმწიფოდ და შესაბამისად ცდილობს რომ შეცდომები არ გამოგვეპაროს.
ეს პროცესი კრიტიკასთან ერთად აღიარებაცაა, კარგად გვახსოვს ევროპელი ლიდერები ჩვენი ციხეების ნახვის შემდეგ როგორ გამოდიოდნენ დეპრესიით და ხვდებოდნენ რომ ჩვენთან საუბარს თითქმის აზრი არ ჰქონდა, დღეს ევროპა თვლის რომ საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარს აზრიც აქვს და ბევრსაც ითხოვენ.
არ დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას პრატიკულად არ ჰყავს რაციონალურად თვითგამოხატული და კრიტიკოსი ოპოზიცია, არამედ, ძირითადად, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე აგებული მტრულად განწყობილი ოპოზიცია, ამიტომ ევროპის თუ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები დღეს ჩვენი ერთადერთი საიმედო კრიტიკოსია, რომლებიც მიგვითითებენ სტანდარტებზე, მის დაცვაზე და რისკებზე. შესაძლოა, ისინი დროდადრო ცდებოდნენ ან აკეთებდნენ არასაკმარისად ინფორმირებულ დასკვნებს, თუმცა, ამისათვის საჭიროა ჩვენი აქტიურობაც, მათ შორის სახელმწიფო სექტორის შესაბამისი სამსახურებისა.
ამიტომ, ამ კრიტიკას, საერთო ჯამში, მე დადებითად განვიხილავ, რომელიც გადის, ერთი მხრივ, რისკების მითითებასა და რეკომენდაციებზე, მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან განცდაზე.
სახელმწიფო სექტორს კი მოვუწოდებდი მეტ გააქტიურებას, გამოდით შესაბამისი სამსახურები საკუთარი ნიჟარებიდან, გაცოცხლდით, შეხვდით ყოველდღიურად ჩვენს პარტნიორებს, მათ წარმომადგენლობებს, ესაუბრეთ, აჩვენეთ სიმართლე, გამოდით მათთან ერთად ხალხში და ესაუბრეთ ადამიანებს, აჩვენეთ ანგარიშები, სთხოვეთ კონსულტაციები, ჩადეთ რესურსები ეფექტურ ლობიზმსა და საზოგადოებრივი კამპანიების წარმოებაში. თქვენი ენერგია დღეს საკმარისი არაა, რადგან ქვეყნის მოწინააღმდეგის ენერგია საკმაოდ დიდია და ამის დისბალანსი უნდა მოახერხოთ.”

Comments
Loading...