არჩილ თალაკვაძე ”ფარული მოსმენების” სისტემაზე – შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების სფეროში აქვს, არ უნდა დასუსტდეს

შესაძლებლობები, რომელიც დღეს საქართველოს უსაფრთხოების სფეროში აქვს, არ უნდა დასუსტდეს, მით უფრო იმ ფონზე, როცა რეგიონსა და ევროპაში საფრთხეები საგანგაშოდ რჩება, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რომელიც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა.

თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ საუკეთესო მექანიზმზე კონსენსუსი შედგება.

”საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებაში თქვა, თუ რა არ უნდა იყოს. ის თუ რა უნდა იყოს, სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ არაერთი ვერსია, არაერთი მოდელი მოვისმინეთ, რომელიც განხილვის საგანია თვითონ ჯგუფშიც კი. შესაბამისად, რომელიმე მოდელზე შეჯერება არის სამუშაო პროცესის სასურველი შედეგი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ შედეგამდე მივალთ კონსენსუსის გზით. რაც შეეხება იმას, თუ რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს ცვლილებები ამ სფეროში, ვფიქრობ ორ რამეზე, რაშიც ეჭვი არ მეპარება: ერთი, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, რომელიც დღეს საქართველოში არის უკეთესი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მეორე, ეს არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უსაფრთხოების სფეროში. ის შესაძლებლობები, რომელიც უსაფრთხოების სფეროში დღეს საქართველოს აქვს, არ უნდა დასუსტდეს, მით უფრო იმ ფონზე, როცა რეგიონსა და ევროპაში საფრთხეები მთელი რიგი მიმართულებით კვლავ საგანგაშოდ რჩება. რაც შეეხება კონკრეტულ მოდელს, დღეს ჯგუფის შიგნითაც იყო რამდენიმე მოდელზე საუბარი. ყურადღებით მოვისმენე პრეზენტაციები. მჯერა, უახლოეს მომავალში მივაღწევთ კონსენსუსს ყველაზე საუკეთესო მექანიზმზე”, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” არჩილ თალაკვაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, უმრავლესობის წარმომადგენლები საზოგადოებრივ მოძრაობა ”ეს შენ გეხებას“ წევრებს შეხვდნენ. ფარული მიყურადების სისტემის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსია მედიისთვის დახურული იყო.

განხილვის საგანია ”სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და სხვა კანონებში შესატანი ცვლილებები, რაც ”ფარული მოსმენების” მიმართულებით უნდა განხორციელდეს და რომლის მისაღებად პარლამენტს ვადა 31 მარტამდე აქვს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Leave A Reply

Your email address will not be published.