“არსებობს შეთანხმება, რომ საქართველოში გაზსაცავის მშენებლობის პროექტში მონაწილეობას მივიღებთ”

საქართველოში “სოკარის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მაირ მამედოვის განცხადებით, არსებობს შეთანხმება, რომ “სოკარი” საქართველოში გაზსაცავის პროექტის მშენებლობაში მონაწილეობას მიიღებს.

“განვიხილეთ ასევე საქართველოს ხელისუფლების გეგმა გაზსაცავის მშენებლობის შესახებ, რასაც მივესალმებით. არსებობს შეთანხმება, რომ ჩვენ ამ პროექტში მონაწილეობას მივიღებთ. ამ თანამშრომლობის ფორმატი და კონტური დამატებით განისაზღვრება. მაგრამ არსებობს თანხმობა, რომ ის ერთობლივად განვახორციელოთ. რაც შეეხება ტარიფს, ამ და სხვა საკითხებზე ექსპერტთა ჯგუფი იმუშავებს, გაზპრომთან კი ჩვენ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ”, – განაცხადა მამედოვმა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კი აცხადებს, რომ გაზსაცავის მშენებლობა 2016 წელს უნდა დაიწყოს.

“საუბარი იყო გაზსაცავის მშენებლობაზე, რომელსაც ვაპირებთ, რომ 2016 წელს დავიწყოთ. ამ პროექტში მონაწილეობის ინტერესი აქვს “სოკარს”. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება, ზუსტად იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც დღეს გვაქვს ზამთარ-ზაფხულის მოხმარების თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ სოკარის ორივე მილსადენი, რომლებითაც დღეს ბუნებრივ აირს ვიღებთ, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ და არის იმის შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტი, რომელიც მოგვცემს ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარების შესაძლებლობას”, – განაცხადა კალაძემ.

Comments
Loading...