არსებული ინფორმაციით, ბერი გაბრიელის ქუჩაზე მოკლული პირი ექიმია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა.

ამის შესახებ კობახიძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატი 2011 წელს სააპელაციო სასამართლოსა და შემდეგ უზენაეს სასამართლოში ვიყავი. საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმე გახლდათ.

დიახ, ამ ადამიანების შეწყალებას ნამდვილად ვითხოვდი, რადგან დღესაც ვფიქრობ, რომ პატიმრობაში სერიოზული საპროცესო დარღვევებით იმყოფებიან.

ჩვენებები მოწმეებზე ზეწოლით მოიპოვეს და ზოგადად, ბევრი სამართლებრივი კითხვაა პასუხგაუცემელი. ათეულობით საჩივარი მაქვს დაწერილი და როგორც მაშინ მჯეროდა, რომ საქმის გამოძიება დარღვევებით ჩატარდა, დღესაც ვფიქრობ, რომ ამ საქმის ხელახალი განხილვა უნდა დაიწყოს.

ანალოგიური მოთხოვნით მთავარი პროკურორისთვისაც არაერთხელ ოფიციალურად მიმიმართავს, რადგან პატიმრების ნათესავები ამას ჩემგან, როგორც დეპუტატისგან, ითხოვდნენ. შეწყალების კომისიაშიც ვგზავნიდი რეკომენდაციას, რადგან ვფიქრობ, ამ ადამიანებმა სამართლებრივი მისაგებელი ვერ მიიღეს. ერთადერთი გზა მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეწყალება იყო“, – აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, მან შესაძლოა, ალეკო ელისაშვილს, ოფიციალური განცხადებების გაგზავნის შემდეგ კითხა, რა ეტაპზე იყო საქმის განხილვა. კობახიძე ელისაშვილისგან სატელეფონი საუბრის გასაჯაროებასაც ითხოვს. ვიცე-სპიკერი პროკურატურაში დაკითხვასაც ითხოვს.

„ანასტასია ზაუტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესებულია, თანაც მას სამი შვილი ჰყავს, რაც ქმნიდა საფუძველს, რომ შეწყალების კომისიისთვის მიემართათ.

შესაძლოა, ალეკო ელისაშვილთან ოფიციალური განცხადებების გაგზავნის შემდეგ, მოვიკითხე, რა ეტაპზე იყო საქმის განხილვა და ისიც შესაძლოა, ელისაშვილს ვთხოვე, საქმე თაროზე არ შემოედოთ. გაასაჯაროოს ელისაშვილმა სატელეფონო ზარების შინაარსი. დიახ, მე დავრეკავ ყველასთან საჩივრის ბედის შესახებ, ვისთანაც ოფიციალური მოთხოვნა მაქვს გაგზავნილი. ეს ეხება სამინისტროებსაც და პროკურატურასაც. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმესთან დაჟინებული მოთხოვნა მქონდა. უსინდისობაა, თუ ალეკო ელისაშვილი ამას ასე აღიქვამს. ახლა მე ვითხოვ იმის მტკიცებულებას, რომ ამ საქმეში 200 ათასი მაქვს აღებული.

როგორც ჩანს, მისთვის წარმოუდგენელია დეპუტატი კანონიდან გამომდინარე მოქმედებდეს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვდეს. მათ უნდათ, ტალახი ესროლონ ადამიანებს.

ჰკითხონ დაკავებულების ოჯახის წევრებს, ვის გადაუხადეს თანხა, ეს მანანა კობახიძე ნამდვილად არ ყოფილა. თუ ვიღაცას უნდა, რომ არ დავიცვა პატიმრების უფლებები, მაშინ მანდატი უნდა დავტოვო. ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვები, პროკურატურისგანაც მოვითხოვ, რომ აუცილებლად დამკითხონ”,- აცხადებს კობახიძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, წელიწად-ნახევრის წინ, რამდენიმე პოლიტიკოსი შეწყალების კომისიისგან კონკრეტული პატიმრების შეწყალებას ითხოვდა, რაშიც მათ სოლიდური თანხა ჰქონდათ აღებული.

შეწყალების კომისიის მოქმედი თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის ინფორმაციით, ზოგიერთი საჯარო მოხელე კონკრეტული პატიმრების საქმეების მიმართ არაჯანსაღ ინტერესს იჩენდა.

ელისაშვილისა და ქორიძის განცხადებებით პროკურატურაც დაინტერესდა, სადაც შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები დაკითხეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.