არსენ იაცენიუკი: როცა მოლაპარაკებებს ვითხოვთ, პუტინი ყრუვდება

უკრაინის პრემიერმინისტრის არსენ იაცენიუკის განცხადებით, პუტინს არ სურს მოლაპარაკებები უკრაინასთან და მას გადაწყვეტილი აქვს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ომების ციკლი გააგრძელოს.

“აიპრესის” კორესპონდენტის ცნობით, აღნიშნული განცხადება მან რიგის სამიტის მიმდინარეობისას გააკეთა.

“ბოლო დროს მსოფლიო შეიცვალა და ჩემი ქვეყნის, მსოფლიოს წინაშე გამოჩნდა დიდი და სერიოზული გამოწვევები. ბატონი პუტინი ყრუა, როდესაც მოლაპარაკებებს ვითხოვთ.

მან გადაწყვიტა, გააგრძელოს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ომების ციკლი. საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია რუსეთის ქმედებებზე უნდა იყოს უფრო ფართო. პუტინმა გადაკვეთა წითელი ხაზი, მოახდინა ყირიმის ოკუპაცია, შემდეგ კი თავს დაესხა დონეცკს, ლუგანსკს”,- განაცხადა იაცენიუკმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, არეულობები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო. ქვეყნის ხელისუფლებამ კი აღმოსავლეთ რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ყირიმის ოკუპაციისა და არეულობების ხელშეწყობის გამო, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ და ასევე იაპონიამ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. საპასუხოდ, რუსეთმა აღნიშნული ქვეყნებიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა/შეზღუდა.

Comments
Loading...