აშშ–დან გაძევებულ რუს დიპლომატებს სპეციალურ თვითმფრინავს გაუგზავნიან
რუსეთი აშშ–დან გამოძევებული დიპლომატებისა და მათი ოჯახების წევრების რუსეთში გადასაყვანად სპეციალურ თვითმფრინავს გაგზავნიან. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
საინფორმაციო საშუალებებისათვის ცნობილი გახდა, რომ გაძევებულ დიპლომატებს თვითმფრინავის ბილეთების შეძენასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, ვინაიდან საახალწლო პერიოდში ყველა ბილეთი გაყიდული აღმოჩნდა.
აშშ–მ ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს და ქვეყნის სახელმწიფო უწყებები, კომპანიები და კერძო პირები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, აშშ–ის ადმინისტრაციის წარმომადგნენლებმა 35 რუსი დიპლომატი დაასახელეს, რომლებიც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები უწოდა. ეს დიპლომატები პრეზიდენტმა „ნონ გრატად“ გამოაცხადა და ეცნობათ, რომ ქვეყანა 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ადეკვატურ საპასუხო ზომებს მიმართავს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთიდან 35 ამერიკელი დიპლომატის გაძევების ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ დაეშვება „სამზარეულოს დიპლომატიის“ დონეზე და არ გააძევებს ამერიკული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს.