აშშ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, საქართველოსთან თანამშრომლობას მიესალმება

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოსთან თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კითხით, რის შედეგადაც საქართველოში მსოფლიოში უპრეცედენტო ოდენობის ნარკოტიკული საშუალების – ჰეროინის გადაზიდვა აღიკვეთა.

ამის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, აშშ- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის პლენარულ სესიაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და შეერთებული შტატების სტრატეგიულ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა საქართველოს პროგრესსა და განხორციელებულ რეფორმებს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ვაშინგტონმა კვლავ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე უსაფრთხოების სფეროში, რომლის შედეგადაც საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის აღკვეთის კუთხით საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

„მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით. აშშ-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

ორივე მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოში განხორციელებული ინტენსიური რეფორმები და პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ წლიური ეროვნული პროგრამის, ნატო-საქართველოს კომისიისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზით მიაღწია და რაც ხელს უწყობს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებისთვის მომზადების პროცესს.

ორივე მხარემ დადებითად შეაფასა პროგრესი, რომელიც მიღწეულ იქნა საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაზრდის პროცესში, მათ შორის, აშშ-ს მიერ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს მონაწილეობის მხარდაჭერით.

მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, სიმტკიცისა და შეკავების შესაძლებლობების გაზრდით. აშშ-ის მხარე მიესალმა აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის აღკვეთის კუთხით საქართველოს საზღვრების გაძლიერების სფეროში, რის შედეგადაც საქართველოში გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა მსოფლიოში უპრეცედენტო ოდენობის ნარკოტიკული საშუალების – ჰეროინის გადაზიდვა. მხარეებმა აღნიშნეს უსაფრთხოების სექტორში რეფორმების განხორციელების უწყვეტობის მნიშვნელობა საქართველოს ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, აშშ–მ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალებისა (ISAF) და ,,მტკიცე მხარდაჭერის’’ მისიაში, ასევე გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში შეტანილი წვლილი;

ამასთან, პატივი მიაგეს იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებმაც ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად სიცოცხლე შესწირეს მისიის შესრულებას. აშშ-ს მხარემ აღნიშნა საქართველოს ზრუნვა თავის დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც მხარს დაუჭერს ასეთ ძალისხმევას, საქართველოში მათი მკურნალობის შესაძლებლობების განვითარების ჩათვლით“-ნათქვამია აშშ-სა და საქართველოს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სტრატეგიული კომისიის სხდომის შემდგომ გავრცელდა.

შეგახსენებთ, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ორმხრივი დიალოგის ძირითადი ფორმატია, რომლის მიზანსაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთობლივი მიზნის ხელშეწყობა წარმოადგენს. ქარტიის კომისიამ ყურადღება გაამახვილა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები. ქარტიის კომისიის სხდომა 2015 წლის 2 ნოემბერს ვაშინგტონში გაიმართა. საქართველოს მხრიდან მას ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ს მხრიდან კი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი ხელმძღვანელობდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.