აშშ-ის ახალმა ელჩმა გაეროში რუსეთი მწვავედ გააკრიტიკა

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანიშნულმა, აშშ-ის ახალმა ელჩმა გაეროში, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, ხუთშაბათს, რუსეთი გააკრიტიკა. ინფორმაცის CNN ავრცელებს.

ნიკი ჰეილიმ მოსკოვს აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ აშშ რუსეთს სანქციებს არ მოუხსნის, სანამ მოსკოვი ყირიმს არ დატოვებს:

“შეერთებული შტატები კვლავ გმობს და მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყირიმის ოკუპაცია. ყირიმი უკრაინის ნაწილია. ჩვენი სანქციები მანამ დარჩება ძალაში, სანამ რუსეთი ნახევარკუნძულზე კონტროლს უკრაინას არ დაუბრუნებს.”

“სამწუხაროა, რომ ჩემს პირველ სხდომაზე გაეროში რუსეთის აგრესიული ქმედებები უნდა დავგმო. ჩვენ ნამდვილად გვინდა ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთთან, თუმცა საზარელი სიტუაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მოითხოვს რუსეთის ქმედებების ცხად და ძლიერ დაგმობას. ეს ძალადობის ესკალაცია უნდა დასრულდეს.” – განაცხადა ჰეილიმ.

ჰეილისა და ტრამპის რიტორიკაში არსებითი განსხვავება შეინიშნება. წყარომ CNN-ს უთხრა, რომ თეთრი სახლი წინასწარ იცნობდა ელჩის სიტყვას და რომ ჰეილის არანაირი შენიშვნა არ მიუღია. ამავე წყაროს ცნობით, ჰეილიმ ელჩის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვის პროცესშიც და პირად საუბრებშიც, არაერთხელ განაცხადა მისი დამოკიდებულების შესახებ ისეთ საკითხებზე, როგორიც რუსეთია. მისი ხედვა კი, როგორც ჩანს განსხვავდება იმისგან, რაზეც პრეზიდენტი ტრამპი კამპანიის დროს საუბრობდა.

ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ შესაძლოა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია ეღიარებინა. ინაუგურაციამდე და მას შემდეგ, ტრამპი კიბერ თავდასხმებში რუსეთის მონაწილეობას არ აღიარებდა, რამაც მოსკოვთან მის ურთიერთობებზე ეჭვები გააჩინა.

2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. უკრაინა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნახევარკუნძულის დაბრუნებას მოითხოვს, თუმცა მოსკოვი ამბობს, რომ საკითხი გადაწყვეტილი და სამუდამოდ დახურულია.

on.ge

Comments
Loading...