აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მართლმადიდებელი ქრისტიანი უხელმძღვანელებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას მართლმადიდებელი ქრისტიანი უხელმძღვანელებს, არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ გავლენიან თანამდებობაზე რეინს პრიბუსი დანიშნა.

44 წლის გერმანულ-ბერძნული წარმომავლობის პრიბუსი, რომელიც აქამდე რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ვაშინგტონის წმიდა სოფიას ტაძრის აქტიური მრევლია, რომელიც კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს ექვემდებარება.

წლევანდელ სააღდგომო მილოცვაში, პრიბუსი წერდა: “ქრისტე აღდგა! მსურს ვუსურვო მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს ბედნიერი და კურთხეული აღდგომა. როგორც ამას ჩვენი ეკლესია თაობებია აკეთებს, ჩვენც ვზეიმობთ ქრისტეს აღდგომასა და ღვთის სიყვარულს, რომელიც მაცხოვარმა გვიბოძა. როგორც ძველი ქრისტიანები განადიდებდნენ ღმერთსა და მის ცარიელ საფლავს, ასევე დღესაც, ჩვენც განვადიდებთ გულმოწყალე ღმერთს სიკვდილზე გამარჯვებისთვის. ქრისტეს თავგანწირული სიყვარული – ჩვენთვის მაგალითია, და მეფსალმუნესთან ერთად ვღაღადებთ: “მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი!” (ფს. 15:11)”.

2016 წელს, პრიბუსის მიწვევით, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მთავარეპისკოპოსმა ამერიკაში, დემეტრიოსმა, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობა დალოცა.

მართლმადიდებელი ქრისტიანები აშშ-ის მოსახლეობის 0.5%-ს შეადგენენ.

რეინს პრიბუსს რესპუბლიკურ პარტიასთან დიდი ხნის კავშირები აქვს. პრიბუსმა 2004 წელს რესპუბლიკური პარტიის სახელით ვისკონსინის შტატის სენატში კენჭი იყარა, თუმცა დემოკრატების კანდიდატ რობერტ უირჩთან დამარცხდა. 2007 წელს ის ვისკონსინის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს აირჩიეს. 2009 წელს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის მთავარ მრჩეველად დაინიშნა. 2011 წლიდან დღემდე კი, პრიბუსი რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

 

წყარო:”ტაბულა”

Comments
Loading...