აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოკონტროლის ანგარიშში საქართველოზეც არის საუბარი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოზეც არის საუბარი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ანგარიშში მოცემულია შეფასებები 2015 წლის განმავლობაში საქართველოში ნარკოტიკული დანაშაული წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული ანგარიშები ყოველწლიურად ქვეყნდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ანგარიშის თანახმად: 2014 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ამოიღო რეკორდული რაოდენობის 2,8 ტონა თხევადი ჰეროინი;

2015 წლის პირველ ათ თვეში უკანონო ნარკოტიკების ამოღების მნიშვნელოვანი ოპერაციის შედეგად, ამოიღეს 37 კილოგრამი (კგ) კოკაინი და 60 კილოგრამი (კგ) ამფეტამინი;

ნარკომარშრუტების მეთვალყურეობის მიზნით, 2014 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა სპეციალური ანალიტიკური დანაყოფი, რომელმაც თბილისის აეროპორტში ამოღების მრავალ ოპერაციაში შეიტანა წვლილი;

2015 წელს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ანტიტერორისტულ დანაყოფებს ჩაუტარდათ ტრენინგი, მათ შორის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ხერხებსა და ანალიტიკურ შესაძლებლობებში, ასევე, საქართველოს საბაჟო მომსახურებასთან გაფართოებული თანამშრომლობის საკითხებში;

2015 წლის სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასრულა ორწლიანი პროექტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უწყებათაშორისი ანტინარკოტიკული კინოლოგიური დანაყოფის გასავითარებლად;

2015 წლის მნიშვნელოვან მოვლენას განეკუთვნება კიდევ ორი ქართველი პოლიციის ატაშეს წარგზავნა გერმანიასა და ესპანეთში. უახლოეს მომავალში იგეგმება პოლიციის ატაშეების წარგზავნა პოლონეთში, ყაზახეთსა და იტალიაში;

ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში, 2015 წელს პოზიტიური საჯარო მესიჯების საშუალებით გაძლიერდა კამპანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშესაწყობად;

ნოემბერში საქართველომ შექმნა ნარკოტიკების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპის მონიტორინგის ცენტრთან ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს;

საქართველო ასევე იყენებს აშშ–ს მიერ განვითარებულ სასწავლო გეგმას ნარკოტიკების მომხმარებელთა თერაპიაში ჩართულ პერსონალთა ტრეინინგებისა და პროფესიონალიზაციის მხარდასაჭერად. პროგრამა ქმნის ადგილობრივი ტრენერების შტატს, რომელიც სწავლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს.

Comments
Loading...