აშშ-მ საქართველოს რეგიონები რუსეთის მიერ ოკუპირებულად კანონის დონეზე აღიარა

აშშ-ის საკანონმდებლო დონეზე, 2008 წლის ომის შემდგომ პირველად არის აღიარებული საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. აღნიშნული შინაარსის ჩანაწერი ამერიკის საბიუჯეტო კანონში გაკეთდა. მსგავსი ჩანაწერის გაკეთებას ქართული დიპლომატიის გამარჯვებად მიიჩნევს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე. მისი თქმით აღნიშნულ კანონს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა:

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ საბიუჯეტო კანონში, კონსოლიდირებულ საფინანსო აქტში, რომელსაც პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი, საქართველოს ოკუპაციის შესახებ არის ჩანაწერი. კანონს ორი დღის წინ წარმომადგენელთა პალატამ, გუშინ სენატმა დაუჭირა მხარი და ხვალიდან შევა ძალაში. დიპლომატიური სამსახური ამ რედაქციის გათვალისწინებისთვის უკვე წლებია, ვიბრძვით და ამ დიპლომატიის გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ სწორედ წლევანდელ დოკუმენტში პირველად გაჩნდა ჩანაწერი, განსაკუთრებული თავი აქვს მიძღვნილი, რომელიც დასათაურებული არის – „საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“. მასში მითითებულია, რომ არც ერთი სახელმწიფო, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ვერ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას და დახმარებას. მოგეხსენებათ, ეს ფინანსური დოკუმენტია, საბიუჯეტო დოკუმენტია, სწორედ საბიუჯეტო მექანიზმებია გამოყენებული იმის პრევენციისთვის – ეს არაღიარების ძალიან ძლიერი მექანიზმია. აშშ, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდამჭერია, თუმცა პირველად მოხდა, რომ კანონის დონეზე გაკეთდა ჩანაწერი, რომელმაც მკაფიოდ განსაზღვრა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ის საკითხი, რომელსაც აშშ არათუ მხარს უჭერს, არამედ ითვალისწინებს შესაბამის მექანიზმებს, რათა ის მაქსიმალურად დაიცვას“, – განაცხადა საქართველოს ელჩმა აშშ-ში.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც და ის იმ დეტალებზე აკეთებს აქცენტს, რომელსაც ეს ჩანაწერი შეიცავს:

„აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც:

– პირველად მოხდა აშშ კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება;

– დაწესდა შეზღუდვა ნებისმიერ აშშ დაფინანსებაზე იმ სახელმწიფოსი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას;

– აშშ-ს წარმომადგენლებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აეკრძალათ მხარდაჭერა იმ პროგრამების, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს;

– აშშ სახელმწიფო მდივანს დაევალა 90 დღის განმავლობაში კონგრესს მოახსენოს რუსეთის მიერ ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ;

– აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გამოეყოთ დამატებითი დახმარება რუსეთის აგრესიის გასამკლავებლად და ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშესაწყობად.

ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ჩვენი რეგიონების არაღიარების პოლიტიკისადმი.

ეს არის აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის უპრეცედენტო მაგალითი, რაშიც ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და რათქმაუნდა დიპლომატიის.

აშშ-ში საქართველოს საელჩოს დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის!“- ნათქვამია ჯანელიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სპეცსამსახურებისთვის 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად საკანონმდებლო აქტი დაამტკიცა, საკანონმდებლო აქტის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება რაიმე სახის დახმარების გაწევა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. საქართველოს ელჩის ინფორმაციით კანონს ხელი უკვე პრეზიდენტმა დოლნალდ ტრამპმაც მოაწერა.

წყარო: newposts.ge

Comments
Loading...