აშშ-ს სადაზვერვო სააგენტო ირწმუნება, რომ რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ირწმუნება, რომ რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, რათა დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდა.

საიდუმლო შეფასების შესახებ ამერიკული წამყვანი გამოცემები The New York Times-ი და The Washington Post-ი „მაღალი სანდოობის“ მქონე წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან.

Washington Post-ის ინფორმაციით, სადაზვერვო უწყებებმა რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული პირები გამოავლინეს, რომლებმაც WikiLeaks-ს ”დემოკრატიული პარტიის” სერვერის გატეხვის მეშვეობით მიღებული ათასობით დოკუმენტი მიაწოდეს.

სპეცსამსახურების წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პირები ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში სპეცოპერაციის ნაწილს წარმოადგენენ.

სადაზვერვო გაერთიანების შეფასებით, რუსეთის მიზანი ერთ-ერთი კანდიდატისთვის ხელის შეწყობა იყო, თუმცა რუსეთის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნული ბრალდება არაერთხელ უარყვეს.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში რუსეთი ამერიკის ოფიციალური სტრუქტურების მონაცემთა ბაზის გატეხვაში არაერთხელ დაადანაშაულეს.

როგორც „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, ჰაკერული თავდასხმა ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის მიზანმიმართულად ჩაშლას ემსახურებოდა.

Comments
Loading...