ათასობით მამაკაცმა გერმანიის ქალაქებში ქალებზე მასობრივი სექსუალური ძალადობა ჩაიდინა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღშფოთება გამოთქვა, ახალი წლის ღამეს გერმანიის ქალაქ კიოლნში მომხდარ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის მსხვერპლიც ათობით ქალი გახდა.

როგორც ცნობილია, ნასვამი და აგრესიული ხულიგნების ჯგუფები კიოლნის ცენტრალური რკინიგზის სადგურის რაიონში ქალებს თავს ესხმოდნენ. არსებული ინფორმაციით დაფიქსირდა გაუპატიურების შემთხვევებიც.

თვითმხილველთა და პოლიციელთა თქმით, გარეგნობის მიხედვით, თავდამსხმელები არაბები ან ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ.

გერმანიის კანცლერმა მომხდარს აღმაშფოთებელი უწოდა და განაცხადა, რომ აუცილებელია მაქსიმუმი გაკეთდეს, რათა დამნაშავეთა ვინაობა დადგინდეს და ისინი სამაგალითოდ დაისაჯონ.

კიოლნის მერმა ჰენრიეტა რეკერმა ქალაქის მაცხოვრებლებს ნაადრევი დასკვნების გამოტანის თავშეკავებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არ იქნებოდა მართალი, მომხდარში ქვეყანაში ახლახანს ჩასული დევნილები დაადანაშაულონ.

ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელის ვოლფგანგ ალბერსის განცხადებით, პოლიცია ახალი ტიპის დანაშაულს შეეჯახა.

როგორც ცნობილია, მსგავსი, მცირე მასშტაბის თავდასხმები გერმანიის ქალაქ ჰამბურგსა და შტუტგარტშიც მოხდა.

თვითმხილველთა თქმით, სადგურის მოედანზე შეკრებილი მამაკაცების ჯგუფი ქალებსა და გოგონებზე სექსუალური ხასიათის ძალადობას ახორციელებდნენ და მათ ძარცვავდნენ.

კიოლნის პოლიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან 8 ეჭვმიტანილის დაკავება შეძლო. პოლიციელის თქმით, ყველა ეჭვმიტანილს აქვს გერმანიაში ბინადრობის უფლება და მათ თავშესაფრის მოთხოვნაზე აქვთ განცხადება შეტანილი. თუმცა, ოფიციალურად არ დასტურდება, რომ ძალადობის აქტებში ქალაქში ახლახანს ჩასული მიგრანტები მონაწილეობდნენ

Comments
Loading...