აუდიტის სამსახური მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და ორ მსხვილ გამგეობას ამოწმებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ამოწმებს.

ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ასევე, მერიის ადმინისტრაციისა და ორი ყველაზე მსხვილი – სამგორისა და გლდანის რაიონის გამგეობების შემოწმების პროცესი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში მერიის კეთილმოწყობის სამსახურის შემოწმებაც დაიწყება.

„თუ ჩავთვლით საჭიროდ, რომ სხვა სამსახურების შემოწმებაც განხორციელდეს, შეიძლება მათზეც გადავიდეთ, რადგანაც შესაძლებელია, ერთი სამსახურის შემოწმებიდან გამომდინარე განსაზღვრო, თუ რა პრობლემებია სხვადასხვა სამსახურებში“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

მისივე თქმით, მერიის საქალაქო სამსახურების შემოწმება გეგმიურია.

„მერიაში გეგმიური შემოწმება მიმდინარეობს. ვამოწმებთ ზედამხედველობის სამსახურს, ადმინისტრაციასა და ორ მსხვილ გამგეობას. თუ გამოვლინდა დარღვევები, ჩვენი დასკვნები ვებგვერდზე გამოქვეყნდება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. თუ დავინახავთ, რომ სხვა სამსახურების შემოწმებაც აუცილებელია, მომავალი წლის გეგმაში გავითვალისწინებთ“, – აღნიშნა გენერალურმა აუდიტორმა.

Comments
Loading...