ავღანეთში აეროპორტზე თალიბანის თავდასხმას 61 ადამიანი ემსხვერპლა

გერმანული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ავღანეთში კანდაჰარის აეროპორტში, რადიკალ-ისლამისტების თავდასხმის შედეგად 61 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 თავდამსხმელი. აეროპორტში განთავსებული იყო საერთაშორისო კოალიციის საჯარისო ნაწილები.
როგორც ”სივილ პრესს” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს შეიარაღებული ძალები თავდასხმის ადგილზე განლაგებული არ ყოფილა და შესაბამისად, არცერთი მათგანი არ დაშავებულა.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 61 დაღუპულის გარდა დაშავებულია 35 ადამიანი. შეიარაღებული დაპირისპირება 27 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თალიბანელები უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ოთხშაბათს გვიან ღამემდე იბრძოდნენ.
„გარდაცვლილთა შორის 38 სამოქალაქო პირი, ათი სამხედრო მოსამსახურე და 2 პოლიციელი იყო“,- განუცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა დაულატ ვაზირიმ დღეს დილით მედიას. ადგილზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა თქმით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. აეროპორტი კარგად დაცულია და თუ როგორ შეაღწეს თავდამსხმელებმა, აეროპორტის ხელმძღვანელის თქმით, საგამოძიებო კომისიამ უნდა დაადგინოს.

Leave A Reply

Your email address will not be published.