ავსტრიელი ბიზნესმენების საქართველოთი დაინტერესება უფრო და უფრო იზრდება. ამის შესახებ ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე აღნიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის კუთხით არსებულ დინამიკას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბდა მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ავსტრიის ელჩმა იმედი გამოთქვეს, რომ თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს.
მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით მიღწეული წარმატებაზე.
ავსტრიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა