ავტომობილების და საწვავის გაძვირებას ხვალ ქუთაისის პარლმენტთან გააპროტესტებენ

ხვალ, 14 დეკემბერს 15:00 საათზე, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ავტომოყვარულები, ავტომობილების იმპორტიორები, დილერები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქები ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავენ.

ისინი ავტომობილებზე, საწვავსა და სხვა ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაძვირებას გაპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით აღნიშნული საგადასახადო ცვლილებები, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობების ფონზე, დამატებით პრობლემებს შეუქმნის საქართველოს მოსახლეობას, გაძვირდება საწვავი, საავტომობილო ზეთები, ავტომობილები, სატრანსპორტო მომსახურება და მგზავრობა, რაც გამოიწვევს ყველა სახეობის პროდუქტის გაძვირებას და ხელს შეუწყობს მოსახლეობის უფრო მეტად გაღარიბებას.

აქციას უერთდებიან მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონები და ქალაქებიდან. კერზოდ: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი და სხვა. თბილისის და რუსთავის მონაწილეები 14 დეკემბერს, 10:00 საათზე შეიკრიბებიან დიღმის ხეივანში მე-13 კილომეტრი (სუპერმარკეტ სმარტთან). რის შემდეგაც მსვლელობით გაემართებიან ქუთაისისკენ, მსვლელობას შემოუერთდება, გორის და ხაშურის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები საპროტესტო პერფორმანსს მოაწყობენ და მოითხოვენ საქართველოს პარლამენტის წევრებმა მხარი არ დაუჭირონ საგადასახადო ცვლილებებს.

Comments
Loading...