აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების გადარჩენა შესაძლებელია

წლების განმავლობაში რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები იმართებოდა. მართლმადიდებლები მოითხოვდნენ, რომ სიონის ტაძრის გვერდით „შანგრილა“ და მსგავსი ტიპის სამორინეები არ ყოფილიყო. ამის მიუხედავად, კაზინოების ბიზნესი საქართველოში განვითარდა და არაერთი ადამიანიც იმსხვერპლა.

მძიმე სიტუაციიდან გამოსავალი არ ჩანდა. ერთადერთი, გახმიანდა სამოქალაქო ინიციატივის ჯგუფის მოსაზრება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის თვითაკრძალვის მექანიზმის შემოღებასთან დაკავშირებით. საამისო საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ კიდევ 2015 წელს საქართველოს პარლამენტშიც შევიდა, თუმცა ინიციატივა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დაიბლოკა.

როგორ უნდა გადარჩეს ჩვენი გენოფონდი და, კერძოდ, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანები, ანუ ლუდომანები? ამის შესახებ For.ge-ს სამოქალაქო ინიციატივის ავტორი ალექსანდრე სახელაშვილი ესაუბრა.

ალექსანდრე სახელაშვილი: ლუდომანია, ანუ აზარტულ თამაშებზე ადამიანის დამოკიდებულება ერთ-ერთი დეპრესიული დაავადებაა. სტატისტიკაც არსებობს, რომ ლუდომანების 75%-ს თვითმკვლელობაზე ფიქრის მცდელობა ჰქონია. ამიტომ შევიმუშავეთ ლუდომანებისთვის თვითაკრძალვის მექანიზმის შემოღება. საქართველოს მოქალაქე, ვინც თვლის, რომ უკვე დამოკიდებული გახდა სამორინეებზე და აზარტთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ამ კანონის მიხედვით, შეძლებს მივიდეს იუსტიციის სახლში, დაწეროს განცხადება და მოახდინოს საკუთარი თავის თვითბლოკირება. ამ პირის პირადი ნომერი შევა სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში, რის შემდეგაც აზარტული ტიპის დაწესებულება ვალდებულია, პირის შეშვებამდე ადამიანის პირადი ნომერი გადაამოწმოს. თუ ამ ადამიანის პირადი ნომერი სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში იქნება რეგისტრირებული, აზარტული დაწესებულება ასეთ პირს დაბლოკავს. ანუ ეს ადამიანები მოახდენენ თვითგაშავებას და ყველა ტიპის აზარტულ დაწესებულებაში შესვლამდე – თვითბლოკირებას.

ანუ თვითაკრძალვა მაშინ უნდა განხორციელდეს, როცა სამორინეებზე დამოკიდებული ადამიანი აკონტროლებს საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობას, მაგრამ ხომ არ მოხდება სამორინეების მხრიდან ამ თვითაკრძალვაზე თვალის დახუჭვა და ლუდომანის სამორინეში შეშვება?

– ყველა ადამიანს აქვს რაღაც მომენტი, როდესაც ხვდება, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ასეთ მომენტში თუ მივა და დაწერს განცხადებას, უშველის საკუთარ თავსაც და ოჯახსაც. უამრავი ოჯახია გაუბედურებული. თანაც, ჩვენ არ ვსაუბრობთ სამუდამო აკრძალვაზე, ერთგვარ აღთქმაზე. ეს იქნება გარკვეულვადიანი აკრძლვა. შესაძლოა, პირველი მიმართვა ერთწლიანი იყოს, შემდეგ – სამი წლით აიკრძალოს, ამის შემდეგ კი-ათი წლით. რა თქმა უნდა, ეს აკრძალვა უფასო იქნება. მით უმეტეს, ამ ადამიანებს დამატებითი დახმარებაც სჭირდებათ. ეს არის ოფიციალური დაავადება და საერთაშორისო დავადებათა ნუმერაციაში მას აქვს ნომერი „F 63“. იმისთვის, რომ ეს კანონი ქმედითი იყოს, ჩვენი რედაქციის მე-14 მუხლი ითვალისწინებს, რომ, თუ კანონის გვერდის ავლით სამორინე თვითბლოკირებულ ადამიანს მაინც შეუშვებს, ფინანსური სანქციის გარდა, იგი ვალდებული იქნება, მოთამაშეს აუნაზღაუროს დახარჯული და წაგებული თანხა. ამიტომ პოტენციური კანონდამრღვევი დემოტივირებული ხდება, აღარ დაარღვიოს კანონი. ესეც ორიგინალური ქართული ვერსიაა. სხვათა შორის, ამაზე ბევრი იფიქრეს სამორინეებმა. მათ მითხრეს, რომ ბევრი თვითბლოკირებული ადამიანი შეიძლება შეეცადოს კაზინოს მოტყუებას და შესვლასო. მე კი შევთავაზე მარტივი გამოსავალი, შეშვება ან თითის ანაბეჭდით, რაც 21-ე საუკუნეში მარტივი ტექნოლოგიაა, ან ბიომეტრიული კამერით მოხდეს. ცხადია, ეს შეაჩერებს ადამიანს, რადგან ბიომეტრიული კამერა თვითბლოკრებულის პირად ნომერს ამოაგდებს.

ჩვენი სახელმწიფოს არგუმენტია, რომ სამორინე ქვეყანაში ფულის შემოტანის მნიშვნელოვანი წყაროა. თუმცა უწმინდესი ქადაგებებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების დამღუპველი გავლენის შესახებ საუბრობს. ლეტალური ფაქტების გათვალისწინებით, დღემდე საკამათოდ რჩება, ხომ არ უნდა შეიზღუდოს კაზინოების რიცხვი საქართველოში?

– სხვათა შორის, საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალურად მხარი დაუჭირა ჩვენს საკანონმდებლო წინადადებას. მე მაქვს კიდეც ოფიცალური წერილი, სადაც საპატრიარქო მიესალმება ამ ინიციატივას. უფრო რომ დავკონკრეტდე, ეს საკანონმდებლო წინადადება რითია საინტერესო? – ერთი მხრივ, იმ ადამიანებს, რომელთაც მართლაც სჭირდებათ დახმარება, საშუალებას ვაძლევთ, მოახდინონ დისტანცირება ამ უკონტროლო ბაზართან, მეორე მხრივ, არ ვაუქმებთ სამორინეების ბიზნესს, რომელსაც მართლაც სერიოზული შემოსავლები შემოაქვს ჩვენს ბიუჯეტში. აქ უამრავი ადამიანია დასაქმებული. შეხვედრები მქონდა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამ ინიციატივას მათაც დაუჭირეს მხარი, ზოგმა ღია ეთერითაც დააფიქსირა მხარდაჭერა. მათ თქვეს, რომ, მართალია, ჩვენი ბიზნესის ვიზიტორების 70-80% ადგილობრივი მოსახლეობაა, მაგრამ შემოსავლის 70- 80% ჩამოსული ადამიანების მხრიდან დახარჯული თანხებია. ამიტომ ვფიქრობ, ეს საკანონმდებლო წინადადება გარკვეულ ბიძგსაც მისცემს აზარტული ტიპის დაწესებულებებს, რომ უფრო მეტი მუშაობა გასწიონ უცხოელების მოზიდვაზე.

მოგეხსენებათ, ჩვენს სამეზობლოში აზარტული თამაშები აკრძალულია და საქართველოში ამისთვის საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩამოდის. ამიტომ შეუძლიათ, მათთვის მოაწყონ გარკვეული ტურები, საინტერესო პროგრამები შეადგინონ. თანაც, ჩამოსული ადამიანები არა მხოლოდ ლუდომანები და მოთამაშეები არიან, არამედ ესენი არიან ტურისტებიც, ცხოვრობენ სასტუმროში, ხარჯავენ კვების ფულს.

მეგობრებთან ერთად დავწერეთ ეს 18 მუხლი, ბატონმა კოტე ჯაფარიძემ ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და იურიდიულ ჩარჩოებში მოაქცია იდეები. თუმცა ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის დარგობრივ კომიტეტში რატომღაც შეფერხდა. არ ვიცი, იქ რა მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მხარს უჭერდნენ ინიციატივას.

ვისზე გაქვთ ეჭვი, პარლამენტში ვინ უნდა ბლოკავდეს ამ ინიციატივას?

– სხვათა შორის, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა მითხრეს, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას იმ პირობით, თუ ყველასთვის თამაშის ერთი წესი იქნებაო. მაშინ გამიკვირდა, მაგრამ ამ კანონპროექტის შეფერხება უნდა აწყობდეს აღნიშნული ბიზნესის იმ სეგმენტს, რომელიც უკონტროლოა, ანუ იმათ, სადაც შედიან არასრულწლოვნები… ფაქტობრივად, ჩვენ ვსაუბრობთ არა ბიზნესის რეგულაციაზე, არამედ იმ სტანდარტზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სათამაშო ბიზნესი თავისი ფუნქციონირებისას. ეს არის საკმაოდ მაღალი სტანდარტი, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ მარტივად მოგვარდეს ეს სტანდარტი და შეფერხებები არ ჰქონდეს ამ ბიზნესს. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვისი უბედურების ხარჯზე წარმოუდგენელია, აკეთო ბიზნესი. პრემიერ-მინისტრის განცხადებამ ძალზე დამაიმედა. პრემიერი პარლამენტში პირველსავე გამოსვლისას შეეხო ამ საკითხს. ვერ მივაწვდინე ბატონ პრემიერს ჩემი ხმა, თუმცა ვცდილობ. პირადად მე ამ საკითხთან დაკავშირებით ათზე მეტი ეთერი მქონდა, მაგრამ საპარლამენტო განხილვებმა ყველას გული დაგვწყვიტა. ველოდით, რომ ეს ინიციატივა პარლამენტში გავიდოდა, უშუალოდ დეპუტატებიც ამას ელოდნენ. არ მინდა, პოლიტიკური განცხადებები გამომოვიდეს, არ ვუღრმავდები ამ საკითხს, მაგრამ, თუ დეპუტატები წაიკითხავენ ამ ინტერვიუს, იქნებ, დაინტერესდნენ, ბატონ ზურაბ ტყემალაძეს ჰკითხონ, რატომ შეფერხდა ეს კანონი? ბატონი ტყემალაძის კომიტეტმა მიპასუხა, თითქოს სამინისტროების დასკვნა უარყოფითი იყო. მე ვთხოვე, გადმოეცათ სამინისტროების დასკვნები, იქნებ, ჩვენ რაღაც ვერ გავითვალისწინეთ. გადმოგვცეს და იუსტიციის სამინისტროს დასკვნა ასეთია – თუ გაირკვევა, რომელი უწყება გააკონტროლებს და მონიტორინგს გაუწევს ამ ინიციატივას, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯიო. ანუ ეს ცალსახად პოზიტიური დასკვნაა. ეკონომიკის სამინისტროც ამბობს, რომ აუცილებელია ამ ბიზნესის წარმომადგენლებთან კონსულტაცია, თორემ ისე, ეს ინიციატივა ბუნებრივი და ადეკვატურიაო. ანუ აქაც უარყოფითი არაფერი არ არის. ერთადერთი, ფინანსთა სამინისტროს აქვს ხისტი (მაგრამ არა-უარყოფითი) პოზიცია და ამბობს, თუ დამატებითი უწყების შექმნა იქნება აუცილებელი, ასეთ შემთხვევაში, მხარს არ დაუჭერს ამ ინიციატივას. თუმცა, თუკი დამატებითი უწყების შექმნა არ იქნება აუცილებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრო მხარს დაუჭერს.

რომელიმე კერძო შემთხვევამ, ან ტრაგიკულმა ფაქტმა ხომ არ გიბიძგათ, გეფიქრათ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის თვითაკრძალვის მექანიზმის შემოღებაზე?

– რა თქმა უნდა. სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ, მაგრამ ერთმა კარგმა ადამიანმა მოიკლა თავი ამის გამო და მე მახსოვს მისი მცდელობები როგორი იყო. ის მიდიოდა სამორინეებში და სთხოვდა, გამაშავეთ, რომ არ შემოვიდეო. ზოგი უსრულებდა ამ თხოვნას, ზოგი- არა. მისი ოჯახის წევრებიც მიდოდნენ სამორინეებში და სთხოვდნენ, გაეშავებინათ ეს ბიჭი. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ამას ვერ მოერია და დაიღუპა. აქედან გაჩნდა ეს იდეა, ჰქონდეს ადამიანს შესაძლებლობა, დაბლოკოს კაზინოში საკუთარი თავი. მით უმეტეს, ეს მოდებული დაავადებაა, ისევე, როგორც, ნარკომანია. გარშემო ყველას ჰყავს ერთი ადამიანი მაინც, რომელიც ამის გამო გაუბედურებულია.

სამორინეებში შესვლამდე უცხოელები დაბლოკვის მექანიზმს თუ მიმართავენ? ან, თუ დაინტერესდებიან თქვენი ინიციატივით საზღვარგარეთ?

– უცხოეთში არის სხვადასხვაგვარი პრეცედენტები. თუმცა ჩვენი ინიციატივა ქართული ვითარებიდანაა ამოზრდილი. მე ვფიქრობ, ეს ინიციატივა საექსპორტოც იქნება. პროფესიით იურისტი არ ვარ, თეოლოგი ვარ, მაგრამ იურისტებთანაც მქონდა კონსულტაცია და გავარკვიე, რომ კანონი მაშინ არის იდეალური, როცა პოტენციურ კანონდამრღვევს დემოტივირებულს ხდის, არ დაარღვიოს კანონი. თორემ, რა თქმა უნდა, ეს არის დაავადება და ასეთ ადამიანს სამორინეში შესვლის მცდელობა, შინაგანი ბრძოლები მაინც ექნება. ასე მარტივი არ არის ამაზე თავის დანებება. ყოველ შემთხვევაში, როცა ადამიანი ერთი წლის განმავლობაში სამორინეში თვითაკრძალვის გამო ვერ შედის, ამ ადამიანთან მუშაობა შესაძლებელია.

არასწორია ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ. ხშირად ასეთი წარმოდგენა აქვთ, თითქოს ლუდომანს არ უყვარს არც შვილები, არც ოჯახი, ამის გამო ყიდის და აგებს ყველაფერს. ასე არ არის, ესენი არიან კეთილი, მოსიყვარულე ადამიანები, ეს მძაფრი დაავადებაა და ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, როგორც ნებისმიერი ფსიქოლოგიური დაავადების შემთხვევაში. ლუდომანია ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების დახმარებით იკურნება. ამის აკრძალვა, ეს ცუდია და ნუ აკეთებ, არ ამართლებს, რადგან ლუდომანი დამრიგებელი ადამიანისგან დისტანცირებას ახდენს. მათ უფრო ქმედითი ნაბიჯი სჭირდებათ. საზოგადოების და სახელმწიფოს ვალია, ეს ადამიანები დაუბრუნდნენ საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახებს. დღევანელი სამყარო გვაძლევს იმის საშუალებას, არ დავღუპოთ ისინი. ველოდები, ალბათ, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან ბევრმა ცნობილმა თუ არაცნობილმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სელფის ვიდეო გადავიღე, მიმართვა გავაკეთე, დავდე ფეისბუკზე და, ჩემდა გასაკვირად, ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ანრი ჯოხაძემ დაპოსტა, ანიტა რაჭველიშვილმაც, გიორგი შალუტაშვილმაც გაიზიარა ჩემი პოზიცია, მერე „რუსთავი 2“-მა გააკეთა სიუჟეტი. 12 ივნისის ღამეს „კურიერშიც“ გავიდა ეს სიუჟეტი, მაგრამ 13-ში წყალდიდობის ღამის შემდეგ, ცხადია, ამისთვის არავის ეცალა.

მანანა ნოზაძე
for.ge

Comments
Loading...