“აზერბაიჯანს საქართველოს ამ ეტაპზე გაზის დამატებითი მოცულობა არ აქვს”

აზერბაიჯანის ნავთობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ილჰამ შაბანის განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანული გაზის რუსულით ჩანაცვლებას ვერასდროს შეძლებს.

“გაზის 87%-ზე მეტს საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს. რასაკვირველია, საქართველოს ახლა ჩვენი გაზის მოცულობის შემცირება არ აწყობს, რადგან მას ქართველებისთვის მისაღებ ფასებში ვაწვდით. ქართულ მხარეს აზერბაიჯანული გაზის საფასური რომ არ აწყობდეს, მისი რუსული გაზით ჩანაცვლებას დიდი ხნის წინ შეეცდებოდა”, – აცხადებს ექსპერტი აზერბაიჯანულ გამოცემა “ჰაქინ”-თან საუბარში.

ამასთან, იგი აღიარებს, რომ აზერბაიჯანს ნამდვილად არა აქვს გაზის დამატებითი მოცულობა, საქართველოს მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

“საქართველო გარდაბანში თბოელექტროსადგურს აშენებს და გაზის დამატებითი მოცულობა სჭირდება. ჩვენ კი ასეთი მოცულობა ჯერ არ გვაქვს. არ არის გამორიცხული, რომ თბილისს გაზი სწორედ სადგურის მუშაობისთვის სჭირდება”,- აღნიშნავს ექსპერტი.

წყარო: pia.ge

Comments
Loading...