ბაჩო ახალაია ფონდს აფუძნებს

ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფი მეუღლის ბაჩო ახალიას გეგმების შესახებ წერს.

როგორც ანი ნადარეიშვილი ამბობს, ბაჩო ახალაია აფუძნებს ფონდს, რომელიც დაკავებული იქნება მსოფლიო სამხედრო და პოლიტიკური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნით და წიგნების გამოცემით.

თუმცა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლის თქმით, ბაჩო ახალაიას ფონდის დაფუძნებაში ბარიერს უქმნის ის, რომ მან დღემდე ვერ მოახერხა პირადობის მოწმობის აღდგენა. ამ ბარიერში დამნაშავედ კი, ანი ნადარეიშვილი იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ასახელებს.

,,არ შემეძლო არ დამეწერა, მაქსიმალურად ვიკავებ თავს ვიყო ცინიკური, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი და ჩარჩო. უკვე რამდენი ხანია უშედეგოდ ვცდილობთ ბაჩოს აღუდგეს ვადაგასული პირადობის მოწმობა, რომლის მიღებაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის წარმოადგენს ძალიან მარტივ პროცედურას და მეტიც, თუ შესაბამის ტარიფს გადაიხდი ერთ სამუშაო დღეშიც კი მზადდება. მაგრამ აქ როგორც ჩანს ID ბარათის არმიცემის მიზეზი სხვა რამეში მდგომარეობს. ბაჩო აფუძნებს ფონდს (დაფუძნებისთვის არის საჭირო პირადობის მოწმობა), რომელიც დაკავებული იქნება მნიშვნელოვანი საქმით, კერძოდ კი გადაითარგმნება მსოფლიო სამხედრო და პოლიტიკური ლიტერატურა ქართულ ენაზე და ეს წიგნები ხელმისაწვდომი იქნება აბსოლუტურად ყველასთვის (სოციალური ფენის მიუხედავად).ეს პროექტი მოემსახურება სამხედრო და პოლიტიკური აზროვნების განვითარებას საქართველოში. ამ იდეაზე უკვე თვეებია მიდის ლაპარაკი ციხეში ბაჩოსა და ადვოკატს შორის, და სწორედ ადვოკატის მეშვეობით ვცვლით აზრებს და ვალაგებთ გეგმებს ამ ძალიან მნიშვნელოვან წამოწყებასთან დაკავშირებით, რაშიც ძალიან მაგარი ადამიანები იღებენ მონაწილეობას. იმის მტკიცება, რომ ბაჩოს მოსმენა და თვალთვალი მიდის ციხეში მგონი ზედმეტია (რაც არაერთხელ დავამტკიცეთ, თუნდაც ის ცნობილი ჩანაწერები, რომელიც გამოქვეყნდა).ჰოდა ამის შემდეგ მოსვენება დაეკარგათ, ერთმანეთში პრემიების და დანამატების გაყოფის გარდა სხვა საფიქრალიც გაუჩნდათ უნიათოებს.

ასეთი შიში – ცნება “წიგნის” მიმართ, რომელსაც ეს მავნებელი ხელისუფლება განიცდის არსად მსმენია. ქალბატონო წულუკიანო, ამხელა “ფილარმონია” მინისტრი ბრძანდებით, ნუთუ სხვა საქმე, საფიქრალი ან მიზანი არ გაგაჩნიათ გარდა იმისა, ყოველ დილით ტვინი (რომელიც ჩემი აზრით არც გაგაჩნიათ) იჭყლიტოთ იმაზე, თუ რა მიზეზი მოიფიქროთ პირადობის მოწმობის არგასაცემად. დამშვიდდით, ამ ფონდს მაინც დავაარსებთ, ჯერ კიდევ ბევრნი ვართ პირადობის მოწმობიანები… და ბაჩო მაინც განახორციელებს ამ უმნიშვნელოვანეს და ჩემი აზრით დღევანდელი საქართველოსთვის ძალიან საჭირო პროექტს. თქვენ კი სხვა ბევრ დაავადებებთან ერთად ბიბლიოფობიით დაავადებულნო, ცოტა დრო დაგრჩათ, ძალიან ცოტა..’’ – წერს ანი ნადარეიშვილი

Comments
Loading...