ბაჩო ახალაია – სასამართლო კორუმპირებულია და მხარეს წარმოადგენს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე. წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ახალიამ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად ევროსაბჭოს დასკვნა მოითხოვა, რისთვისაც მან პროცესის გადადება ითხოვა.
მოსამართლემ ბაჩანა ახალაიას მოთხოვნა პროცესის გადადების შესახებ დააკმაყოფილა და საქმის განხილვა 27 იანვარს 12 საათსა და 30 წუთზე დანიშნა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბაჩანა ახალაიამ ასევე განაცხადა, რომ მას არც ნდობა აქვს სასამართლოს მიმართ და არც პატივისცემა, რადგან მისივე თქმით, სასამართლომ დაცვის მხარეს არ მისცა მოწმეთა დაკითხვის საშუალება და ის მოწმეები, რომელზე დაყრდნობითაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები არიან.
„თუ არ მოგვეცა მტკიცებულებების გამოკვლევის, მოწმეთა დაკითხვის საშუალება, ჩვენს აქ ყოფნას აზრი არ აქვს, რადგან თქვენ გვისპობთ ყველანაირ საშუალებას, დავადგინოთ სიმართლე. ეს იწვევს სასამართლოს მიმართ უნდობლობას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ალბათ, თქვენი აცილების საკითხი უნდა დამეყენებინა, მაგრამ ასე არ ვაკეთებ. ვინაიდან აცილებას აზრი არ აქვს, რადგან თქვენ თუ არა, სხვა მოსამართლე იქნება და თქვენ ყველა, ერთი სისტემის ნაწილი ხართ. მე არც ნდობა მაქვს სასამართლოს მიმართ და არც პატივისცემა, რადგან ამის საშუალებას არ მაძლევთ. სასამართლო უბრუნდება შევარდნაძის დროინდელ ძველ ბუნებრივ მდგომარეობას, როცა გამეფებული იყო კორუფცია. ჩვენ ვზრუნავდით, მოსამართლეებს ფული არ აეღოთ და გვეგონა, ეს ყველაფერი დავასრულეთ. თუმცა, როგორც ჩანს, პროცესი უბრალოდ შევაჩერეთ და ახლა თქვენ ძველ, ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდებით. ლენინმა თქვა, ახალი ადამიანის შექმნა შეუძლებელიაო და როგორც ჩანს, მართლაც ასეა. სასამართლო კორუმპირებულია და სასამართლო წარმოადგენს მხარეს”, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.