ბაჩო კიკაბიძის განმარტებით, “მაესტრო 24”-ის ეთერში გაშვებას რამდენიმე თვეა გეგმავს

ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებელის ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, “მაესტრო 24”-ის ეთერში გაშვებას რამდენიმე თვეა გეგმავს. როგორც კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არხმა ავტორიზაცია აგვისტოში გაიარა.

“დაახლოებით, აგვისტოს დასაწყისში გავიარე ავტორიზაცია. მას შემდეგ ყოველდღე ვაპირებ არხის გაშვებას და გუშინ იყო ეს დღე, როცა არხი ეთერში გავიდა”, – განაცხადა კიკაბიძემ.

როგორც კიკაბიძემ აღნიშნა, ამ ეტაპაზე “მაესტრო 24”-ის დაფარვის ზონების გაფართოვებაზე მუშაობს, თუმცა ის ვერ აკონკრეტებს, ვინ იმუშავებს აღნიშნულ ტელევიზიაში და რა ფორმატის იქნება ის.

“ამ წუთში მისი დაფარვის ზონების გაფართოვებაზე ვზრუნავ. როგორც კი ამ პროცესს დავასრულებ ეტაპობრივად ყველაფერს მოგახსენებთ, ვინ იმუშავებს და როგორი ფორმატის იქნება”, – განაცხადა კიკაბიძემ.

რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, კიკაბიძის თქმით, ამ ეტაპზე ყველაფერს საკუთარი დანაზოგებით აკეთებს.

“არ სჭირდება ამას დიდი დაფინანსება. რაც უფრო აფართოვებ ტელევიზიას და ზრდი, რა თქმა უნდა, დაფინანსების მოთხოვნაც იზრდება. როგორც კი მულტიპლექს ოპერატროში ჩავერთვები, იმ წუთში შეწყდება რადიო მაუწყებლობა და ყველა იმ სტანდარტს დავაკმაყოფილებ, რაც კომუნიკაციის ეროვნული კომიისიის კანონით არის საჭირო”, – განაცხადა კიკაბიძემ.

“მაესტროს” დამფუძნებლებმა ძმები გაჩეჩილაძეებისგან დამოუკიდებლად, ახალი ტელეკომპანიის – “მაესტრო 24”-ის მაუწყებლობა დაიწყეს.

ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, მის მფლობელობაში არსებულმა “მაესტრო 24”-მა ფუნქციონირება “TV 11”-ის სიხშირეზე დაიწყო.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით შპს “სტუდია მაესტროს” და შპს “ტელეკომპანია მაესტროს” გუშინ წერილობით მიმართა. მარეგულირებელი კომისია ილია კიკაბიძის შპს “ტელეკომპანია მაესტროს” მიმართავს, კომისიას წარუდგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. კერძოდ, კომუნიკაციების კომისია ითხოვს, ილია კიკაბიძის შპს-მ წარადგინოს “ტვ11”-ზე მაუწყებლობის შემთხვევაში რას და როგორ აპირებს.

Comments
Loading...