ბაგა-ბაღებში ბავშვთა ფიზიკური დასჯა კანონით აიკრძალება

ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სფეროს სპეციალური კანონი დაარეგულირებს. პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ოთარ ჩრდილელის ინიციატივით პარლამენტში ინიცირებულია “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონპროექტი.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ორსაფეხურიანი სწავლების სისტემა: – ადრეული განათლება და ზრუნვა დაბადებიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და სკოლამდელი განათლება 2 წლის ასაკიდან ბავშვის სკოლაში შესვლამდე. კანონპროექტი ნერგავს საყოველთაო სასკოლო მზაობის პროგრამას ყველა ხუთი წლის ასაკის ბავშვისთვის.

კანონპროექტის მიხედვით, თითოეული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება უზრუნველყოფს ინკლუზიურ განათლებას ყველა ბავშვისთვის ანუ საგანმანათლებლო მიდგომას, რომლის ფარგლებშიც განათლების
სისტემა უზრუნველყოფს ყველა ბავშვის ხარისხიან განათლებას დაწესებულებებში მათი ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით, მიუხედავად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ დაწესებულებაში აკრძალულია ბავშვთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ფიზიკური დასჯა, უგულებელყოფა, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი მოპყრობა.

ბავშვზე ძალადობის გამოვლენისა და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა კი, კანონპროექტის თანახმად, გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამასთან, კანონპროექტის ერთ-ერთი პრინციპია განათლების მომსახურებაში მშობელთა ჩართვა. ამ მიზნით ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში საკონსულტაციო საბჭოები შეიქმნება, რომლის 7 წევრიდან 5 – მშობელი, ორი კი, დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგი იქნება.

Leave A Reply

Your email address will not be published.