ბაია გადაბაძე – არ გამოვრიცხავ, მეც ჩამიდონ ნარკოტიკი

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უპრეცენდენტოდ აფასებს.

როგორც გადაბაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, სააპელაციო სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ გამოიტანს განაჩენს.

„ასეთი უპეცედენტო შემთხვევა არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში – როცა ერთმა ინსტანციამ 24 საათში საათში განიხილა სარჩელი და უკვე გადაგზავნა სააპელაციო სასამართლოში, რაც მაძლევს ვარაუდს ვიფიქრო, რომ დღეს ღამე იმსჯელებს ამაზე სააპელაციო სასმართლო და ხვალ უკვე გამოიტანს განაჩენს, დილიდანვე განჩინებას წამოიღებენ რეესტრში და დარეგისტრირდება ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად. ეს არის ბრძოლა წესების გარეშე, უსამართლო სასამართლო“, – განაცხადა გადაბაძემ.

მისივე თქმით, უკვე დარწმუნებულია, რომ „მაესტროს“ ირგვლივ მიმდინარე პროცესების უკან ხელისუფლება დგას.

„მართლა გავაოცეთ ევროპა ჩვენი დემოკრატიით, იმიტომ, რომ უპრეცედენტო რამ ხდება საქართველოში – მედიის მიტაცება სასამართლოს მეშვეობით და ხალხის მეშვეობით, რომლებიც არიან ინსტრუმენტი, ლევანი და გია არიან სხვისი ინსტრუმენტი.

ახლა უკვე ნათელია, რომ ყველაფრის უკან დგას ხელისუფლება. სხვა რაღა უნდა ქნან? სხვა დარჩა ის, რომ შემოვიდნენ „სპენაზით“. როგორც წინა ხელისუფლებამ ჩემს ძმას ჩაუდო ნარკოტიკი, არ გამოვრიცხავ, რომ უკვე მეც ჩამიდონ ნარკოტიკი. გუშინ კულტურულად მესაუბრებოდა პროკურატურა და იმედია, ამ ზღვარს არ გადაცდება. ეს არის გულისამრევი, ფარსი და სპექტაკლი“, – აღნიშნა ბაია გადაბაძემ.

საქალაქო სასამართლომ არ გააუქმა კრების ოქმი ბაია გადაბაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ და დოკუმენტი განსახილველად სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა.

Comments
Loading...