ბაია გადაბაძე კვირიკაშვილს მიმართავს: პრემიერ-მინისტრობა ხანმოკლეა

ტელეკომპანია “მაესტროს” პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე პრემიერ-მინისტრსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს.

ბაია გადაბაძე მთავრობის მეთაურს მოუწოდებს, ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მეტი ყურადღება მიაქციოს.

„მივმართავ პრემიერ-მინისტრს და შევახსენებ, რომ ხელისუფლებაში მათ მოსვლაში “მაესტროს” ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მოგიწოდებთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ „მაესტროს” ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და შეხვედრები აწარმოოთ არა მხოლოდ მეგობრებთან, არამედ მოისმინოთ მეორე მხარის პოზიცია. ძალიან არადამაჯერებელია, როცა თქვენ ამ პროცესებს კერძო დავად აფასებთ“, -განაცხადა გადაბაძემ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას აღარ ითხოვს.

“პრემიერთან შეხვედრას აღარ აქვს აზრი, მე მისგან მივიღე პასუხი. პრემიერ-მინისტრობა ხანმოკლეა. შევახსენებ მას, ის რომ პრემიერია ამაში დიდი წვლილი შეიტანა “მაესტრომ”. ამიტომ, ისე ნუ გააკეთებენ, რომ როგორც მოვიდნენ ისევ ისე წავიდნენ”, – განაცხადა გადაბაძემ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელ გია გაჩეჩილაძესთან („უცნობთან“) შეხვედრაზე დღეს კომენატარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის უბრალოდ, მეგობარს შეხვდა.

გაჩეჩილაძესთან შეხვედრამდე, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს ბაია გადაბაძემ მიმართა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა მხარეებს შორის შეხვედრა ამ დრომდე არ შემდგარა.

Comments
Loading...