ბაია გადაბაძე – ვერც ტექნიკას გამოიყენებენ და ვერც შენობაში შევლენ!

„მაესტროს“ ყოფილი გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის განცხადებით, არც თავად და არც არხის დამფუძნებლები დანებებას არ აპირებენ.

„მე ვცდილობ შევაჩერო ის გადაწყვეტილება, რომელიც პარტნიორთა კრებაზე იქნა მიღებული, რადგანაც მიმაჩნია, რომ საფრთხის წინაშე დგას ტელევიზია, რომელშიც მე გიასთან, მამუკა ღლონტთან და ჩემს თანამშრომლებთან ერთად ვიბრძოდი წლების განმავლობაში. ეს იყო პირდაპირი ბრძოლა, ეს იყო ჩემი დევნა 2008 წლიდან 2012-მდე. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი არის ისევ საფრთხის ქვეშ.

რატომ მიამაჩნია ასე – მას შემდეგ, რაც ლევან გაჩეჩილაძემ ჩემი გადაყენების საკითხი და თავისი დირექტორობის საკითხი დააყენა, რომელიც თავად მოიწონა, იმიტომ რომ სხვა ყველა წინააღმდეგი იყო, მე შემომთავაზა „მაესტროში“ სამუშაოდ დარჩენა. ბუნებრივია, მე დავინტერესდი ამ წინადადებით და ჩვენ დავტოვეთ პარტნიორთა კრება და გადავინაცვლე ჩემს კაბინეტში.

მე ნამდვილად მივიღე მათგან წინადადება და მითხრეს, რომ მე არ ვარ დასაკარგი კადრი და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება „მაესტროში“ ჩემი ყოფნა და მადლობელი ვარ ამისთვის, მაგრამ მთავარ კითხვას არ გაეცა პასუხი ეს არის ფულის წარმომავლობა, რომლითაც მათ იყიდეს 30%-იანი წილი. მე არ მჯერა ბიზნესმენი ქველმოქმედის, რომელიც ტელევიზიაში იხდის ფულს, იმიტომ რომ მისი კონკურენტი ტელევიზია გაძლიერდეს. ამ კითხვაზე ლევანს და გიას პასუხი არ ჰქონდათ, უფრო სწორად ჰქონდათ, მაგრამ…

მე მაინტერესებდა ადამიანი, რომელიც ჩემი ინფორმაციით, მონაწილეობდა რეიტინგული გადაცემის დახურვაში, რომელმაც ინგა გრიგოლია, ლევან ჩხაიძე გამოუშვა „იმედიდან“ და რომელიც დღეს „მაესტროში“ მუშაობს , რა გარანტია არსებობს იმისა, რომ თუნდაც ლევან ჩხაიძეს არ გაუშვებს ტელევიზიიდან, რა გარანტია არსებობს იმისა, რომ მე როდესაც დავრჩები ამ არხზე სამუშაოდ, მე არ გამომიშვებს მაქედან და რომ მოგვცემს საშუალებს განვახორციელოთ ის, რაც მიგვაჩნია სწორად, ამაზე პასუხი იყო შემდეგი- ეს ასე არ არის და მე ზედაპირულად ვუყურებ მოვლენებს, რაშიც ბუნებრივია, არ ვეთანხმები, რადგან არ არსებობს მედიაში ქველმოქმედებისთვის ჩადებული ფული. ნამდვილად მჯერა, რომ არ ვარ დასაკარგი კადრი, მაგრამ ეს არ არის ჩემ კითხვაზე პასუხი.

შენობა ნამდვილად არ ეკუთვნის „მაესტროს“ და ამიტომ შენობაში ვერავინ შემოვა. ყველა თანამშრომელს აქვს შემოთავაზება, რომ დაწეროს განცხადება „მაესტროში“, თუ ეს უკანონო გადაწყვეტილება იქნა შესრულებული და გადმოვიდეს იმ კომპანიაში, რომელსაც ეკუთვნის ის შენობა, რომელშიც ახლა არის „მაესტრო“ და რომელიც ეკუთვნის მაკა ასათიანს. ტექნიკა, რომელიც არის იქ ასევე მაკას საკუთრებაშია. მე მათ შევთავაზებ, რომ თუ ეს უკანონო გადაწყვეტილება დამტკიცდება, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც „მაესტრო“ მაუწყებლობას არცერთ შემთხვევაში არ შეწყვეტს.

ეს შენობა და აპარატურა არ ეკუთვნის შპს „სტუდია მაესტროს“, რისი 55%-ის მფლობელიც არის გია გაჩეჩილაძე, შესაბამისად ვერც ტექნიკას ვერ გამოიყენებენ და ვერც შენობაში ვერ შევლენ.

მე დანებებას არ ვაპირებ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დანარჩენი დამფუძნებლებიც არ აპირებენ დანებებას“, – განაცხადა გადაბაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში

Comments
Loading...