ბაია გადაბაძემ გაფიცვა შეწყვიტა

ტელეკომპანია ,,მაესტროს” ყოფილმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ გაფიცვა შეწყვიტა. მისი თქმით, საჯარო რეესტრმა 30–დღიანი ვადა მისცა.

“რეესტრმა მომცა 30-დღიანი ვადა. ვსარგებლობ 30-დღიანი ვადით კანონის ფარგლებში და ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რისთვისაც ვიბრძვი, ანუ მოვიპოვო სამართალი. გაფიცვა შევწყვიტე, რადგან ახლა მჭირდება გაორმაგებული ძალები, ვინაიდან ვასრულებ ჩემს უფლებამოსილებას. ამ 30 დღის ვადაში უნდა გაირკვეს რეესტრი ლევან გაჩეჩილაძეს დაარეგისტრირებს თუ მე”, – აღნიშნა ბაია გადაბაძემ.

ბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრში წარადგინა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების ასლი. გადაბაძის თქმით, ამის შესახებ რეესტრს ინფორმაცია მიაწოდა.

“სასამართლოს მივმართე იმიტომ, რომ პარტნიორთა კრების ოქმი არის უკანონო და ვაპროტესტებ ამას. წარვადგინე განცხადება, რომ გავასაჩივრე სასამართლოში და ამის საქმის კურსში ჩავაყენე რეესტრი”, – განაცხადა გადაბაძემ. მისივე თქმით, 19 თებერვალს “მაესტროს” კრედიტორთა კრება გაიმართება.

ბაია გადაბაძეს სასამართლომ უარი უთხრა არხის პარტნიორთა კრების მიერ მიღებული იმ ოქმის მოქმედების დღესვე შეჩერებაზე, რომლითაც “მაესტროს” დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა და აღნიშნული გადაწყვეტილება გადაბაძემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

Comments
Loading...