ბაია გადაბაძე:მე მაქვს ბევრი ინფორმაცია მტკიცებულებებთან ერთად

“მაესტროს” პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ მიმოწერას ორშაბათს გაასაჯაროებს.

როგორც ბაია გადაბაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი ელოდება ორშაბათს საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას. “ველოდები ორშაბათ დღეს, რას იზამს საჯარო რეესტრი, დაარეგისტრირებს თუ არა ახალ დირექტორს. გავასაჯაროებ გარკვეულ მიმოწერას. მე მაქვს ბევრი ინფორმაცია მტკიცებულებებთან ერთად როგორ მიდიოდა მოლაპარაკებები, როგორ იგეგმებოდა ეს სქემა, რაც ახლა მიმდინარეობს “მაესტროში”. მე მაქვს ბევრი ინფორმაცია, რომელსაც გავასაჯაროებ, რადგან სხვა საშუალება, რომ დავამტკიცო და ცილისწამებებს ვუპასუხო, არ მექნება. ორშაბათი მნიშვნელოვანი დღეა და მედიისთვისაც ბევრი საინტერესო რამ გახდება ცნობილი”, – აღნიშნა გადაბაძემ.

იგი ითხოვს გასაჯაროვდეს იმ თანხის ოდენობა, რა ფასადაც გაყიდეს ებრალიძემ და ჩიკვაიძემ კუთვნილი წილები. “ვითხოვ გასაჯაროვდეს თანხა, რამდენად გაყიდეს ებრალიძემ და ჩიკვაიძემ წილი. მნიშვნელოვანია ეს იცოდეს საზოგადოებამ, რადგან ეს ტელევიზია შეიქმნა როგორც მამუკა ღლონტის მიერ, რომელსაც აქვს დიდი ძალისხმევა ჩადებული, ასევე ბაჩო კიკაბიძის, მაკა ასათაინის მიერ, რომელსაც გადახდილი აქვს უამრავი თანხა. მათ ერთი ლარიც არ აქვთ ჩადებული ტელევიზიაში და გაყიდეს სხვის მიერ შექმნილი ქონება. აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს რამდენად და როგორ გაყიდა ეს ყველაფერი. მაკა ასათიანს ჩადებული აქვს ამ ყველაფერში 49 მილიონი ლარი. მას რომ ნდომოდა საკონტროლო პაკეტი 49 მილიონად, 49-ჯერ შეძლებდა ამის გაკეთებას. თუ ირაკლი რუხაძეს ქველმოქმედება უნდოდა, ამ თანხის მიცემა შეეძლო 25%-იანი წლის მფლობელი გიასთვის. მოეტანა ეს თანხა “მაესტროში” და ისე მომხდარიყო ფულის დაბანდება და არა ისე, რომ საკონტროლო პაკეტი შეეძინა”, – აღნიშნა გადაბაძემ.

მან ჟურნალისტებს განუმარტა ის მიზეზი, რის გამოც პარტნიორთა კრებამ თანამდებობიდან გადააყენა. “მე გადამაყენეს ლოგოს გასხვისებისთვის, რადგან იმ ადამიანებს მივეცი ლოგო, ვისაც ეკუთვნოდა. სასამართლოში მიმდინარეობს დავა ამ საკითხზე. მეორე მოტივი გაკოტრების საქმის აღძვრა იყო. მე გადამაყენეს იმიტომ, რომ ვალდებულება, რაც მქონდა, ისე მოვიქეცი, რომ შევიტანე საქმე სასამართლოში. ამისთვის ვარ გადაყენებული. თუ არ უნდოდათ გაკოტრება, მაშინ თანხები, რომელსაც მეგობრები აძლევენ, მოეტანათ არხში და შესაძლოა ეს ტელევიზია გაკოტრებას გადარჩენილიყო. გაკოტრება არასდროს არ ნიშნავს ტელევზიის დახურვას. არის ვალების ჩამოწერა, რომელიც გამაჩნია. მე ვალი მაქვს ბიუჯეტის მიმართ. როდესაც ჩამომაწერს ვალებს, შემეძლება გავაგრძელო ნორმალური ფუნქციონირება. ორშაბათს გავასაჯაროებ გარკვეულ დოკუმენტაციას”, – განაცხადა გადაბაძემ.

Comments
Loading...