ბაკურ სვანიძე – რა პროვოკაციებში მონაწილოებდა რუსთავი 2 ?!

ჟურნალისტი და იუმორისტი, ბაკურ სვანიძე 2007 წლის 7 ნოემბერს იხსენებს, როდესაც ის “რუსთავი 2”-ის გასართობი გადაცემების პროდიუსერი იყო, მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ არხის ჟურნალისტები პროტესტის ნიშნად ტელევიზიის დატოვებას აპირებდნენ სიმართლეს არ შეესაბამება და ყველა, ვინც იქ მუშაობდა მხარდაჭერას უცხადებდა სპეცრაზმს, რომელიც “იმედი”ს შენობაში იმყოფებოდა.

“ისინი მხარს უჭერდნენ სპეცნაზს, ამბობდნენ, რომ “იმედი” არის პუტინის დაკვეთის შემსრულებელი ტელევიზია და ის უნდა განადგურდეს. “რუსთავი2” არავითარ შემთხვევაში არ არის და არც არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ის დაარსების დღიდან ემსახურებოდა სავსებით გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, ეს იყო მოქალაქეთა კავშირის ე.წ ჟვანია-სააკაშვილის რეფორმატორული ფრთა, რომელთა დაარსებულიც არის “რუსთავი 2” და ეს იყო მათი ჯიბის ტელევიზია.

თუ ვინმეს წასვლა უნდოდა ამ ტელევიზიიდან რატომ არ წავიდა? – მე ავდექი და წავედი. პირიქით იმ დღეს მიდიოდა ტაშის კვრა და როდესაც სპეცნაზი შევიდა იმედში, ასეთ ფრაზებს ამბობდნენ, ნუ გამოუშვიათ ცოცხლებიო.

როდესაც მე გამოვხატე პროტესტი ამის მიმართ, მითხრეს, პოლიტიკაში ნუ ერევი, თორემ ამ დოლარებს ვინ გადაგიხდის ნახავო. როდესაც ვცდილობდი იმედის ჟურნალისტებთან დარეკვას და მათი მდგომარეობით ვინტერესდებოდი მეუბნებოდნენ დაიკიდეო” – განაცხადა ბაკურ სვანიძემ “ობიექტივი”-ს ეთერში.

“ვარდების რევოლუციამდე ეს ტელევიზია საშინელ პროვოკაციებს აწყობდა, ვარდების რევოლუცია მათ მოაწყვეს საშინელი, საზიზღარი ანტიჟურნალისტური მოქმედებებით” – ამბობს სვანიძე და აკონკრეტებს იმ მეთოდებს, რომლითაც “რუსთავი2” სკანდალის მოწყობას ცდილობდა.

ერთ-ერთ მაგალითად კი, რაიონებში, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად მოწყობილი პროვოკაცია მოჰყავს.

“მაჟორიტარები იმალებოდნენ ვენახში იქვე, “რუსთავი 2″ის ჟურნალისტებიანად და ოპერატორებიანად, სახლის სარდაფში შეაგდებდნენ ლიმონკას, შევარდებოდნენ მერე კამერით და ყვიროდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის აფეთქება სცადეს და ექსკლუზიურ კადრებს “რუსთავი2″ გვაწვდისო” , თვითონ პარტიის კანდიდატები აგდებდნენ ამ ლიმონკებს” – ამბობს სვანიძე

Comments
Loading...