ბაკურიანში დასვენება თითქმის 2 ჯერ ძვირია, ვიდრე ალპებში

ზამთრის სეზონი მოახლოვდა, თოვლის და სრიალის მოყვარულები კი უკვე აწყობენ დასვენების გეგმებს. ოფიციალურად, საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონი გუდაურში 13 დეკემბერს, ბაკურიანში კი დეკემბრის 20-ისთვის იხსნება. MyRest.Ge დაინტერესდა რა ფასად შეუძლიათ მსურველებს ერთი კვირით ბაკურიანის და გუდაურის სასტუმროებში დასვენება და რა ჯდება საზღვარგარეთ მდებარე ზამთრის კურორტზე მოგზაურობა.

სასტუმრო „კრისტალი“ ბაკურიანის ზამთრის სეზონს გახსნილად დეკემბრის შუა რიცხვებში აცხადებს.
საინტერესოა ფაქტი, რომ სასტუმრო „კრისტალში“ ერთადგილიანი ნომრები არ აქვთ, ხოლო ორადგილიანი ნომრის ფასი, ერთი ღამით 230 დოლარია.
გამოდის, რომ ადამიანს, რომელსაც აქ დასვენება სურს, სეზონის გახსნიდან – 4 იანვრამდე პერიოდში 1610 დოლარის გადახდა მოუწევს.
ნომრის ღირებულებაში შედის შვედური მაგიდა ქართული-ევროპული კერძებით. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აუზით, საუნით და სატრენაჟორო დარბაზით.

ბაკურიანში მდებარე სასტუმროსგან განსხვავებით, სასტუმრო „მონტე გუდაური“ ერთადგილიან ნომრებს მომხმარებელს აქტიურად სთავაზობს. ნომრის ფასი 100 დოლარიდან იწყება. ღირებულებაში შედის მხოლოდ საუზმე. აქ ერთი კვირით დასვენება საშუალოდ 700 დოლარი დაგიჯდებათ, რასაც დაემატება სადილისა და ვახშმის ღირებულება ( დაახლოებით 400 ლარი ).

რაც შეეხება შვეიცარიის ზამთრის კურორტს, ქართული ტურისტული სააგენტოების მიერ შემოთავაზებული ტურების საფუძველზე, ალპებში დასვენება ერთი კვირით 800 ევრო დაგიჯდებათ. სასტუმრო „Alpin Sherpa Hotel“ – ის შემოთავაზებაში დილის საუზმე შედის.
800 ევროში ორმხრივი ავიაბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროში განთავსება და დილის საუზმეა გაერთიანებული.

როგორც ჩანს, საქართველოს ზამთრის კურორტებზე დასვენება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე ირკვევა, რომ კავკასიონის მთებში დასვენება ბევრად აღემატება ალპებისას.

7 დღიანი დასვენების ღირებულება ბაკურიანში, გუდაურსა და ალპებში.

ბაკურიანი – 3867.22 ლარი

გუდაური – 2081,4 ლარი

ალპები – 2059.92 ლარი

ბაკურიანისა და ალპების მონაცემების შედარებით ირკვევა, რომ საქართველოს ზამთრის კურორტზე დასვენება 1807,3 ლარით ძვირია, ვიდრე შვეიცარიის ალპებში, ხოლო გუდაურში დასვენების ღირებულება მას 21,48 ლარით აღემატება.

წყარო

Leave A Reply

Your email address will not be published.