“ბატონმა ნარმანიამ ყოყლოჩინობა, ამპარტავნობა, მამლაყინწური განათქვამები უნდა შეწყვიტოს”

ოპოზიცია დედაქლაქის მერიას ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებს. საკრებულოს დეპუტატებმა ქალაქის მთავრობას საკუთარი ინიციატივები დღეს წერილობით წარუდგინეს. მათი განამრტებით, საუბარია სატრანსპორტო პრობლემების მოგვარების გზებსა და სხვადასხვა სამსახურისთვის ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების გაზრდის მექანიზმებზე.

“ვაპირებთ ყოველკვირეულად ფრაქციის სხდომაზე მერიის ხელმძღვანელი პირები მივიწვიოთ და პასუხები მოვთხოვოთ მძიმე პრობლემებზე, რომელიც თავად შექმნეს. 30 მილიონი ვერ დახარჯეს გასულ წელს და ახლა შესაძლებელია ამ თანხით შრომის ანაზღაურების ზრდა და ავტოპარკის განახლება”, – აცხადებს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი აბესაძე.

თბილისის მერს მიმართავს სევდია უგრეხელიძე და მოუწოდებს, რომ ოპოზიციის რჩევები გაითვალისწინოს.

“ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ბატონმა ნარმანიამ ყოყლოჩინობა, ამპარტავნობა, მამლაყინწური განათქვამები უნდა შეწყვიტოს, რომ არავის რჩევა არ სჭირდება და უნდა შეისმინოს, ვინაიდან ეს ხალხის ხმა არის და არა ჩვენი კაპრიზი”, – აცხადებს უგრეხელიძე.

ოპოზიციის ბრალდებებს და განცხადებებს თბილისის მერიიდან არავინ გამოხმაურებია, განცხადება თბილისის საკრებულოს მმართველ გუნდში გაკეთდა. დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ წინადადებები, რომელსაც ესა თუ ის გუნდი წარმოადგენს, უნდა იქნას გათვალისწინებული, თუმცა პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა შეიცავდეს.

“ნებისმიერი საღი აზრი არის გასათვალისწინებელი რითაც სარგებელს ნახავს მოსახლეობა. ეს არ უნდა იყოს არაპოლიტიკური მიზნებისთვის”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

Comments
Loading...