BBC: ტრამპი საქართველოსა და აზერბაიჯანში ბიზნესპროექტებიდან გამოდის

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომპანია რამდენიმე დეველოპერული პროექტიდან გამოდის. Trump Organisation-მა აზერბაიჯანში სასტუმროს აშენების შესახებ ლიცენზირებული თანხმობა გააუქმა და იგივე ნაბიჯის გადადგმას აპირებს საქართველოს კონტრაქტორებთანაც. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

ტრამპის ადვოკატის განცხადების მიხედვით, აღნიშნულ ქვეყნებში, შესაბამისი პროექტების დეველოპერებმა ლიცენზირებული შეთანხმების პირობების შესრულება ვერ შეძლეს. ადვოკატის თქმით, საუბარია საქმის ნორმალურად წარმართვაზე და არა ინტერესთა კონფლიქტის გამოწვევის რისკების შემცირებაზე.

ამავდროულად, როგორც Associated Press-ი წერს, ტრამპის გამოსვლა აღნიშნული პროექტებიდან შეიძლება იმაზე მეტყველებს, რომ ტრამპი წყვეტს საქმიან ურთიერთობებს, რომლებმაც შესაძლოა მის რეპუტაციას ზიანი მიაყენოს.

აზერბაიჯანში Trump Organisation-ის პარტნიორი ანარ მამედოვი იყო, რომელიც აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის ზიი მამედოვის შვილია, რომელსაც ამერიკელმა დიპლომატებმა „ზედმეტად კორუმპირებული, აზერბაიჯანული ნორმებითაც კი ზედმეტად კორუმპირებული“ შეარქვეს.

მიმდინარე კვირის განმავლობაში ტრამპის კომპანიამ ბრაზილიაში სასტუმროს მშენებლობის შესახებ ლიცენზირებული შეთანხმება გააუქმა, ხოლო არც ისე დიდი ხნის წინ კომპანიამ ოთხი შვილობილი ფირმა დახურა, რომლებიც დიდი ალბათობით საუდის არაბეთის პროექტების რეალიზაციის შედეგად შეიქმნა.

ბრაზილიაში, აზერბაიჯანსა და საქართველოში Trump Organisation-ი, საკურორტო რაიონებში სასტუმროების მშენებლობით იყო დაკავებული, თუმცა ჯერჯერობით არცერთი პროექტი ბოლომდე არ განხორციელებულა.

 

წყარო   :   ipress.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.