ბედუკაძის პარტია „ცენტრისტები“ შესაძლოა, საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნას

პარტია „ცენტრისტები“ შესაძლოა, საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნას.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცესკო იმ ახალ გარემოებაზე იმსჯელებს, რომელზეც საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ სახელით პარტიის ოფიციალური ბლანკისა და ბეჭდის გამოყენებით, 2 ივნისს თემურ ხაჩიშვილმა მიმართა. მან წარმოადგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები. ასევე, წარმოადგინა პარტიის 2016 წლის 29 მაისის ყრილობის ოქმი, რომელიც დამოწმებული იყო ნოტარიულად, რომლის მიხედვითაც ხაჩიშვილი არჩეული იყო პარტიის თავმჯდომარედ. მხოლოდ დღეს გახდა ჩვენთვის ცნობილი საჯარო რეესტრის პირველი აგვისტოს გადაწყვეტილება. ახლადაღმოჩენილი გარემოებიდან გამომდინარე, ცესკო იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

საჯარო რეესტრის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, პოლიტიკურ გაერთიანება „ცენტრისტებს“ ოფიციალურად რეგისტრირებული თავმჯდომარე 2006 წლის შემდეგ არ ჰყავს. თავმჯდომარის პოსტზე თეიმურაზ ხაჩიშვილს ოთხწლიანი ვადა სწორედ ამ დროს ამოეწურა.

პარტიის წარმომადგენლების ძალისხმევის მიუხედავად, პროცედურული ნორმების დარღვევის გამო, პარტიის თავმჯდომარის არჩევა ვეღარ მოხერხდა.

Comments
Loading...