ბელგრადში თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართა

ბელგრადში თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართა. როგორც სააგენტო Reuters იტყობინება, ეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო. ცნობილია, რომ სერგეი ლავროვისა და მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრის ინიციატორი თურქული მხარე იყო.
სერგეი ლავროვის თქმით, შეერთებული შტატები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალას სწავლობს, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე ცდილობს დაამტკიცოს თურქეთსა და ტერორისტულ დაჯგუფება :ისლამურ სახელმწიფოს” შორის ნავთობით ვაჭრობის ფაქტი.
თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა. ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ რუსული თვითმფრინავი მის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ამის შესახებ თურქეთმა რუსეთი არაერთხელ გააფრთხილა, თუმცა მათ გაფრთხილებას მოსკოვმა იგნორირებით უპასუხა. რუსეთი კი ამტკიცებს, რომ მოსკოვს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია და მომხდარი ინციდენტი ანკარის მიერ “დაგეგმილი პროვოკაციაა”.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს თურქეთმა F-16-დან რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩამოაგდო, რომელიც სირიაში, თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში ჩამოვარდა. მომხდარის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ეს ტერორისტების თანამზრახველების მხრიდან „ზურგში დარტყმა” იყო. CNN-თან ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ სუ-24 ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდას არ აპირებს და ანკარა აგრესიად ჩათვლის იმ ფაქტს, თუ მის თვითმფრინავს სირიის საზღვრების დარღვევისას ჩამოაგდებენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.