ბესელია: მავანთათვის საინტერესო უნდა იყოს, თუ როგორ ხდება, რომ კერძო ტელეკომპანიის დირექტორი ცდილობს, პოლიტიკური პროცესი მართოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გვარამია-ბურჭულაძის ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება და ამბობს, რომ „ოცნების” ინტერესებში არანაირად არ შედის ვინმეს ზედმეტი აჟიოტაჟისა და ხმაურის საფუძველი მისცეს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ერთის მხრივ კარგია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და საზოგადოება ფორმასთან და გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხებს ელოდება.

„ამავე დროს, ფაქტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დროულად გამოეხმაურა და ის ორივე მხარისგან შესაბამისი ინფორმაციების მიწოდებას ითხოვს.  ის, ვინც ამ საუბრის და მისი შინაარსის ავთენტურობა დაადასტურა და ისიც, ვინც ჭოჭმანობს თუ ფიქრობს, კარგი იქნება, თუ გამოძიებასთან ითანამშრომლებენ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსაც მიაწვდიან ინფორმაციებს, რომ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა იყოს”, – აცხადებს ბესელია.

კანონმდებლის თქმით, პოლიტიკურ მხარეებს სურთ, აქცენტი საუბრის შინაარსზე არ გაკეთდეს და ყურადღება მხოლოდ ფორმაზე გადაიტანონ.

„ჩვენთვის ორივე საყურადღებოა. ახალი არაფერია – ვხედავთ რა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძის პარტიაში, მაგრამ მავანთათვის საინტერესო უნდა იყოს, თუ როგორ ხდება, რომ ერთ-ერთი კერძო ტელეკომპანიის დირექტორი, რომელიც სტანდარტებზე, პლურალიზმზე, მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საუბრობს, როგორ ცდილობს პოლიტიკური პროცესი მართოს და ერთ-ერთი კოალიციის წარმომადგენელს დავალებები მისცეს. „ქართული ოცნების“ ინტერესებში მისთვის არაფრის მომცემი ხმაურის შექმნა არ შედის”, – დასძინა ბესელიამ.

Comments
Loading...