ბესელია: მსჯავრდებული მიუთითებს, რომ ელისაშვილმა მის ადვოკატს დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ 50 000 ლარი მოსთხოვა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, დაახლობით, ორი კვირის წინ მსჯავრდებულისგან მიიღო წერილი, სადაც ალეკო ელისაშვილის შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, უკანონო ფაქტებთან დაკავშირებითაა საუბარი.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მსჯავრდებულმა მას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ელისაშვილი დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ, მის ადვოკატს 50 000 ლარი მოსთხოვა.

„ჩვენ ოფიციალურად მივიღეთ წერილი პატიმრობაში მყოფი პირისგან. ეს არ არის ერთადერთი წერილი, სადაც ელისაშვილი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში სხვადასხვა უკანონო ფაქტებთან დაკავშირებით არის საუბარი. კონკრეტული განცხადებაა, სადაც კონკრეტული სახელით და გვარით მსჯავრდებული მიუთითებს, რომ ელისაშვილმა მის ადვოკატს მოსთხოვა 50 000 ლარი დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ“, – განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, მისი თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურას უკვე მიაწოდა ინფორმაცია და ელისაშვილმა ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი.

„ვფიქრობ, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. გამოძიებამ და პროკურატურამ უნდა გაარკვიოს, დაკითხოს ეს პირი, ადვოკატი, თავად ელისაშვილი და თავად უნდა გასცეს პასუხი ბრალდებებზე. ეს არის ფაქტები, კონკრეტული განცხადებები და არა ყურმოკვრით და ორღობის ჭორებით, არამედ მასალებით. მსჯავრდებული ითხოვს ამ ფაქტზე რეაგირებას“, – განაცხადა ბესელიამ.

Comments
Loading...