ბესელია: თუკი უსუფაშვილს ის არ მოსწონდა, რასაც ივანიშვილი საუბრობდა და ამას ჭორაობას უწოდებდა, მისი ლაპარაკი რას გავს?

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ის იმ განცხადებებითაა გაოცებული და გაკვირვებული, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აკეთებს.

ჟურნალისტებთან საუბარში ბესელია უსუფაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა.

ბესელიას თქმით, რამდენიმე დღის წინ, უსუფაშვილმა თქვა, რომ არ ვარგა, როცა ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკოსები და ლიდერები ჭორაობენ, თუმცა, მისი მთელი საუბარი ამ ჭორაობას დაემსგავსა.

„ყველაფერი, რასაც გიყვებიან, რაც მოგისმენია, რაც გადაგხდენია, რაც სამუშაო პროცესის მიღმა ხდება, თუ ავდექით და ეს ყველაფერი საჯაროდ მოვყვეთ, ან პოლიტიკური ვითარება რას დაემსგავსება, ან პოლიტიკური ლიდერები? ეს ყველაფერი რას გავს? გულწრფელად რომ გითხრათ, არც კაცისგან და არც ქალისგან ღირსეულ საქციელად არ მიმაჩნია ისაუბრო იმაზე, რაც კულუარებში და დახურულ ფორმატში ხდება, რადგან არის საჯარო სივრცე, სადაც შეიძლება ბევრ რამეზე ისაუბრო, მაგრამ სხვა სივრცე არსებობს, სადაც რაღაცები რომ ხდება, ყველაფერი არ უნდა ილაპარაკო. რასაც ვისმენ, გაოცებული ვარ“, – აცხადებს ბესელია.

„ინფო 9“-ის კითხვაზე, თუ რატომ ყვება კულუარულ საკითხებს ბიძინა ივანიშვილი?, ბესელია აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი იმ ფაქტებზე საუბრობს, რაც უფრო საჯარო სივრცის ნაწილია და ანალიზს ერთიან კონტექსტში აკეთებს.

„არ მგონია, რომ ეს იგივე იყოს, რასაც უსუფაშვილისგან ვისმენ. თუკი უსუფაშვილს ის არ მოსწონდა, რასაც ივანიშვილი საუბრობდა და ამას ჭორაობას უწოდებდა, მთელი ამ დღეების განმავლობაში, მისი ლაპარაკი რას გავს? თუ ეს მართლა ჭორაობა არ არის, რა ჰქვია იმას, როცა პოლიტიკური ლიდერები ასეთი საუბრის ნიუანსებს საჯაროდ ყვებიან? გულწრფელობის მომხრე ვარ, მაგრამ რაღაცეები არის, რაც დახურულია. ყველაფერი თუ უნდა მოვყვეთ, რაც გაგვიგია, პოლიტიკური პროცესი რაღაც საშინელ ფონს და ფერებს მიიღებს“, – დასძინა ბესელიამ.

Comments
Loading...