ბესლანის ტრაგედიას გადარჩენილი ბავშვები

 

f1e5851725.images.new_photo.gggggg_5bcb8
ბესლანის ტრაგედიიდან 12 წელი გავიდა. 2004 წლის 1-ელ სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში №1 სკოლის მოსწავლეები მძევლად ბოევიკთა ჯგუფმა აიყვანა. სამი დღის განმავლობაში ტერორისტებს სკოლის შენობაში გამომწყვდეული ჰყავდათ 1100 ბავშვი, მათი მშობლები და მასწავლებლები. ტერორისტებმა რუსეთის ხელისუფლებას შამილ ბასაევის წერილი გადასცეს, სადაც ეს უკანასკნელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას მოითხოვდა.

 

ტერორისტებს მძევლები, მათ შორის, ასობით მცირეწლოვანი, არაადამიანურ პირობებში, გაუსაძლის სიცხეში სკოლის სპორტულ დარბაზში ჰყავდათ დამწყვდეული. მათ აკრძალული ჰქონდათ არათუ საკვების მიღება, წყლის დალევაც კი.

რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა სამი დღის შემდეგ სკოლა შტურმით აიღეს. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 334 მძევალი, მოკლულთა უმრავლესობა სკოლის მოსწავლე იყო. 700-მდე ადამიანი დაიჭრა. ლიკვიდირებულ იქნა 31 ტერორისტი, მათ შორის, 2 ქალი.

…სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ტერაქტი გადაიტანეს, ახლა უკვე ზრდასრულები არიან. მათი მოგონებები, შიშები, ფიქრები მომავალზე… – ეს ინტერვიუები, რომელშიც ტრაგედიას გადარჩენილი ბავშვები უმძიმეს დღეებს იხსენებენ, 2014 წელსაა ჩაწერილი.

ზარინა ცირიხოვა, 24 წლის:

მე და ჩემი და, როგორც ყველა მოსწავლე, პირველ სექტემბერს სკოლაში წავედით. ახლა ვხვდები, რომ მაშინ ჰაერშიც კი უბედურების სუნი ტრიალებდა. დედა აფორიაქებული იყო, ინტუიცია კარნახობდა ცუდს. სკოლაში რომ მივედით, ყურადღება იმან მიიპყრო, რომ ჭუჭყიანი გარემო დაგვხვდა, არადა, სხვა დროს სულ სისუფთავე გვხვდებოდა. მალევე გავიგონეთ სროლის ხმა. კაი ხანი მეგონა, რომ ფილმს იღებდნენ. შემდეგ ვიფიქრე ფოიერვერკებს ისვრიან მეთქი. როდესაც ტერორისტები გამოჩნდნენ, ვერც მივხვდი რა ხდებოდა. ვხედავდი ამ ხალხს და ვერ ვიჯერებდი.

თავიდან ათამდე კაცი იყო, მაგრამ სულ უფრო მატულობდა მათი რიცხვი. ყველას წვერი ჰქონდა, სათვალეები ეკეთა და ავტომატები ეჭირათ. თავიდან სკოლიდან გამოქცევა მოვახერხე, მაგრამ გამახსენდა, რომ ჩემი და სკოლაში იყო და მივბრუნდი. ფიზკულტურის კაბინეტში წაგვიყვანეს. ბომბები სადღესასწაულო მოსართავებივით ჩამოკიდეს. ჩვენთან ერთად თანაკლასელის მშობელიც მოხვდა, რომელიც ყველას გვაწყნარებდა. მასთან ტერორისტი მივიდა, მუხლებზე დააყენა და თუ არ დაწყნარდებით ვესვრიო, გამოგვიცხადა. ერთმანეთის დამშვიდება დავიწყეთ. მაგრამ ტერორისტმა მაინც გაისროლა. ცხედარი კაბინეტის შუაგულში დააწვინეს, რომ კარგად დაგვენახა, როგორ სდიოდა სისხლი. შემდეგ მისსავე შვილებს მოაწმენდინეს სისხლიანი იატაკი. სამწუხაროდ, არცერთი მათგანი არ გადარჩენილა. ორი ძმა და მამა დაიღუპნენ.

პირველივე დღეს კაცები დახვრიტეს. ააყენეს და გაიყვანეს და ყველანი მივხვდით, რომ ბოლოჯერ ვხედავდით მათ. ჩემი კლასელის და მეორე დღეს გარდაიცვალა, შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. სულ დაძაბულები ვიყავით, ვიცოდით, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ავფეთქებულიყავით. როდესაც შტურმი დაიწყო, ტერორისტები მზად არ იყვნენ ამისთვის. ეგონათ, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს შეასრულებ

და და კორიდორს გაუხსნიდა. როდესაც აფეთქება მოხდა, არ მახსოვს, იქიდან როგორ გამოვედი. ჩემ წინ დედა-შვილი იწვა, შვილი მკვდარი იყო. ბავშვის დედა ჩემსკენ გამოხოხდა და წავედითო, მითხრა. ძალიან მძიმე სურათი იყო. ვუყურებდი, დედამ შვილი როგორ დატოვა. მეც დავტოვე ჩემი და. როცა გავრბოდი, მომაძახა, არ მიმატოვოო. როცა გამოვძვერი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რა მითხრა და უკან შევბრუნდი. რაღაცას დავარტყი თავი და გონება დავკარგე. სასწაულია, რომ მე და ჩემი და გადავრჩით. მართალია, ტრავმები გამოგვყვა, ჩემი და ტყვიით დაიჭრა, მე თავში ჭურვის ნამსხვრევები ჩამრჩა, სმენა თითქმის ორივემ დავკარგეთ.

ტერაქტმა თავისი კვალი დატოვა. თითქოს ცხოვრება გრძელდება, მაგრამ მაინც ტერაქტამდე და ტერაქტის მერე კატეგორიად არის დაყოფილი. ყველაზე საწყენი ისაა, რომ კიდევ არ ვიცით სიმართლე. საშინელებაა, რომ პოლიტიკოსების შეცდომების გამო ბავშვებს მოგვიხდა პასუხისგება. არც მახსოვს, რა მოთხოვნები ჰქონდათ ტერორისტებს, მგონი ჩეჩნეთიდან ჯარის გაყვანა. ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ყველამ გვიღალატა. რატომ მაინცდამაინც ბავშვები? ჩვენ ხომ ჯერ ყველაფერი წინ გვქონდა.

ამინა კაჩმაზოვა, 17 წლის:

სკოლაში ორ მეგობართან, ალინასთან და ლალასთან ერთად წავედი. ორივენი დაიღუპნენ. ჩემზე შვიდი წლით დიდები იყვნენ. ისინი თავიანთ კლასში წავიდნენ, მე ჩემსაში. შემდეგ კი იცით, აფეთქებები. დაბალი სიმაღლის ვიყავი, სკოლის გასასვლელთან ძალიან ახლოს ვიდექი. შემეძლო დასაწყისში გავქცეულიყავი, მაგრამ პატარა ვიყავი და არ მესმოდა.

მეორე დღეს წყალს არიგებდნენ, ოღონდ მხოლოდ მათ აძლევდნენ, ვინც 6 წლის ან უფრო პატარა იყო. მე მოვატყუე ექვსის ვარ მეთქი და მომცეს წყალი. ჭამა საერთოდ არ მინდოდა. მხოლოდ მწყუროდა. მესამე დღეს ტუალეტშიც აღარ გვიშვებდნენ, არც წყალს გვასმევდნენ. უკვე გასაგები იყო, რომ რაღაც მოხდა. როცა აფეთქებები დაიწყო, არავინ არ გარბოდა, ხალხი მკვდარი იწვა. მე დავრბოდი წინ და უკან, მერე ქალმა დამიძახა, მოდი აქო. რომ მივედი, ხელი ჩამკიდა და გავიქეცით. მეორე მხარეს კიდევ ერთი გოგონა მოსდევდა. მერე როგორც გაირკვა, ქალს, რომელმაც გადამარჩინა, ეგონა, რომ მისი შვილი ვიყავი, რომელიც იქ დაიღუპა. შემდეგ სამზარეულოში აღმოვჩნდით, წყლით სავსე ვედრო დავინახე და დავეწაფე. ჭურვი შემოაგდეს, რუსი სპეცნაზელი დააწვა ჭურვს, რომ არ დავშავებულიყავით. რა თქმა უნდა, დაიღუპა რუსეთის გმირი.

ყველაფერი კარგად გადავიტანე. ემოციური ვარ, საკუთარ თავში არ ვიკეტები. როდესაც ყვები, უფრო მარტივი ხდება პრობლემა. არ მიყვარს ახალ წელს პეტარდებს რომ აფეთქებენ, მეზიზღება. არ არის სასაცილო, როდესაც ბავშვები ერთმანეთს ფეხებში ასაფეთქებლებს უგდებენ. არც ფოიერვერკები მიყვარს.

ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს. როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური. დღემდე ვინახავ ნახატებს და წერილებს, რომელსაც მიგზავნიდნენ. ყველგან გვპატიჟებდნენ და კარგად გვხვდებოდნენ. ჩვენ გამორჩეულები ვართ, იმიტომ, რომ სიკვდილს ვუყურებდით თვალებში. როცა ეს ხდება, ხვდები, რომ მთავარი სიცოცხლეა და ის ჭკუით უნდა დახარჯო.

ლენა გაიტოვა, 22 წლის:

31 აგვისტოს დამესიზმრა, რომ საწოლის წინ დიდი კარადა იდგა, რომელსაც სარკე ჰქონდა. მე ვწევარ, საწოლის უკან ვიმალები, ყველა კუთხეში კი ბავშვები ზიან. ჩემთან წვერიანი ადამიანები მოდიან იარაღით ხელში. ვცდილობ ვერ შემამჩნიონ, მაგრამ მაინც დამინახავენ, წინ სარკეა. როდესაც მომიახლოვდნენ, მაშინ გამაღვიძეს სკოლაში წადიო. სკოლისგან ცოტა მოშორებით მაღაზია იყო, წყლის საყიდლად ვაპირებდით გასვლას, მაგრამ მე დავიჟინე, დაგვაგვიანდება მეთქი და მოვხვდით სკოლაში.

როდესაც აფეთქების შემდეგ როგორღაც სკოლიდან გამოვედი, მხოლოდ მცირედი დამწვრობები მქონდა. საავადმყოფოში ოთხი დღე ვიწექი. სახლში რომ მოვედი, მამაჩემი გაუპარსავი და შავებში ჩაცმული დამხვდა. დედასაც შავები ეცვა. სკოლაში ძმასთან ერთად ვიყავი. ვკითხე რა მოხდა თქო. ახლა ისეთი დროა, ასეა საჭიროო. ალანი სადაა მეთქი და საავადმყოფოშია, ხვალ მოვინახულებთო და აბაზანაში შემიყვანეს. როდესაც გამოვედი, დედას ალანის დიდი ფოტო ეჭირა და მითხრა, ესაა რაც მისგან დაგვრჩაო. სკოლაში დაიღუპა. ჩემზე ოთხი წლით დიდი იყო.

კრისტინა ძგოევა, 21 წლის:

სკოლასთან ვიდექი, უცებ შავებში ჩაცმული კაცები მოვიდნენ და ყვირილი დაიწყეს, სკოლა დაპყრობილია, ვერავინ გაიქცევაო. ფიზკულტურის დარბაზში გავიქეცით. დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი და ცალკე იდგნენ. შემდეგ ვიპოვნე ფიზკულტურის დარბაზში. როდესაც აფეთქება მოხდა, ერთმანეთი დავკარგეთ. დედაჩემი დავინახე და ფანჯრიდან გადავხტი. ჩემ დას ვერ ვპოულობდით, მერე გავიგეთ, რომ გარდაიცვალა. ათი წლის იყო.

როზიტა ცირიხოვა, 20 წლის:

სკოლაში მე, ლენა და ერთი ჩვენი მეგობარი წავედით. ზარინა ჩემზე ცოტათი დიდი იყო. დიდად არ უნდოდა პირველ სექტემბერს სკოლაში წასვლა. დაგვიანება უნდოდა. მე მეხუთე კლასში გადავდიოდი და ძალიან მინდოდა დროზე მივსულიყავი. სროლა რომ დაიწყო, ვიფიქრე ბუშტები სკდება მეთქი. როდესაც მოვბრუნდი, დავინახე, ყველა გარბოდა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და რა უნდა მექნა. ვიღაც ქალმა ხელი მომკიდა და ფიზკულტურის დარბაზში წამიყვანა.

მეორე დღეს დავინახე ჩემი და როგორ გაყავდათ. გასვლისას კოცნა გამომიგზავნა, თითქოს დამემშვიდობა. მესამე დღეს ლენასთან ერთად ვიჯექი, ძალიან მწყუროდა. ქალი მოვიდა შვილთან ერთად და მთხოვა, გავყოლოდი წყლის დასალევად. როცა ავდექი, დამ დამიძახა, როზიტა სად მიდიხარ, მოგკლავენო. თავისკენ მექაჩებოდა. დავჯექი, გვერდით ბიჭი იწვა და მასზე დამაწვინეს. ძალიან მეძინებოდა.

ფანჯარაზე ავედი და გადავხტი. არც მახსოვს სად გადავხტი. საით გავქცეულიყავი ვერ ვხვდებოდი. ავტოფარეხებთან ჩამოვჯექი. ბევრი ბავშვი იყო ირგვლივ. ზოგს თვალი არ ჰქონდა, ზოგი მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი, ვიჯექი და ვფიქრობდი: ღმერთო ჩემო, რა კარგია რომ მე ნორმალურად ვარ. შემდეგ ფეხზე დავიხედე და ვხედავ, რომ ფეხში ხვრელი მაქვს. მაგრამ არ მტკიოდა. ფეხი მეწვოდა, მაგრამ დიდად ვერ ვგრძნობდი, ყური გაცილებით უფრო მეწვოდა. იქიდან საავადმყოფოში წამიყვანეს.

შეგვიძლია ხოლმე შევიკრიბოთ და ამის შესახებ ვისაუბროთ. ტკივილი რჩება. ტკივილი მუდამ თან გვახლავს. ჩემი კლასიდან ძალიან ბევრი ბავშვი დაიღუპა. მეხსიერებიდან ეს არ იშლება, ამიტომ ტკივილიც არ ქრება. ტრავმები, რომლებიც სკოლაში მივიღე, ყოველ წელს მახსენებენ თავს. 10 წლის ვიყავი, როდესაც იქ მოვხვდი. ბავშვი ვიყავი, მაგრამ იქ ბავშვად აღარ ვგრძნობდი თავს. როდესაც ქუჩაში გამოვდიოდით, არასაბავშვო თემებზე ვსაუბრობდით. მალე გავიზარდეთ. ახლა მოსკოვში მეხუთე კურსზე ვსწავლობ. თუმცა ეს იმას საერთოდ არ ეხება, რომ ბესლანიდან გაქცევა მინდოდა. ძალიან მინდა ბესლანში ჩასვლა, მაგრამ მომავალს რომ შევხედოთ, იქ ისეთ სამუშაოს ვერ ვიშოვი, რომლის ხელფასიც მეყოფა. ამიტომ მოსკოვში ვრჩები. მაგრამ მგონია, რომ იქ დავბრუნდები.

Comments
Loading...