ბიძინა ივანიშვილი – 2017-დან დაიწყება აღმავლობის პერიოდი

“ეს არის საერთო პრობლემა, რომელიც მოხდა რეგიონში და ევროპაში. 2016 წელი ისევ იქნება რთული. იმედია დასრულდება ეს კრიზისი და 2017-დან დაიწყება აღმავლობის პერიოდი და გარწმუნებთ, რომ საქართველო იქნება აღმავლობაში ლიდერი. მინდა მოსახლეობას შევახსენო ჩემი გამონათქვამები, რომ მეორე წელიწადი იქნება გასაგები, მესამე იქნება ძალიან კარგი და შემდგომი უფრო კარგი და ა.შ. ამაში მხედველობაში მქონდა ის, რომ ძირითადი ფუნქცია რაც უნდა შეასრულოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ბიზნესი წარმატებით განვითარდეს, ინვესტიციები შემოვიდეს, ჩვენ ეს ყველაფერი დავაფუძნეთ. ბიზნესი არის თავისუფალი, კერძო საკუთრება არის დაცული, კრიმინალი შემცირდა, კანონები იხვეწება. მე რაც მაძლევდა საფუძველს იმის თქმისას, რომ საქართველოს ეკონომიკა იქნება წარმატებული, იყო ის, რომ ჩვენ იმ თამაშის წესებს ვაფუძნებთ, რის ხარჯზეც სხვა ქვეყნები გახდნენ წარმატებულები. დასრულდება კრიზისი რეგიონში, ევროპაში და საქართველო აუცილებლად იქნება წარმატებული ქვეყანა. საქართველოში ეკონომიკური აღმავლობა იქნება, რადგან ამის ყველანაირი საფუძველი არსებობს”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა. რაც შეეხება ლარის დევალვაციას, ივანიშვილის თქმით, საკმაოდ ცუდი გავლენა მოახდენა. “დევალვაცია არ იყო და არ არის მთავრობის ცუდი მუშაობის შედეგი. ამის მიზეზია რეგიონში მომხდარი პრობლემები, ჩვენი სავაჭრო პარტნიორები, ევროპაში პრობლემები. მაჩვენეთ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, რომელიც უფრო წარმატებულია, ვიდრე საქართველო. ამ ფონზე, როდესაც კრიზისია რეგიონში, როდესაც ხდება დევალვაცია ჩვენი პარტნიორების ქვეყანაში, რა თქმა უნდა საქართველო ამას ვერ გადაურჩებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში ეროვნული ბანკის ქმედება არ იყო თანმიმდევრული და დროული, თუმცა ეს არ არის ძირითადი სიმძიმე. ეროვნულმა ბანკმაც შესაძლოა ზედმეტად ჭარბად მოახდინა ლარის დევალვაცია, თუმცა ამის გათვლა ძალიან რთულია და ეს პრობლემაც არ შეიძლება ძირითადად ეროვნულ ბანკს მივაწეროთ”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.