ბიძინა ივანიშვილი – არ გამოვრიცხავ, კრედიტორებს დახმარება აღმოვუჩინო

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შესაძლოა კრედიტორებს დახმარება აღმოუჩინოს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან ჰქონდა.

“ის, რომ ასეთი დევალვაცია მოხდა და ბევრი კრედიტორი მძიმე დღეშია, ამაზე ფიქრობს ხელისუფლება და მეც. მე არ გამოვრიცხავ პირადი დახმარება აღმოვუჩინო მათ, რომ არ მოხდეს ბიზნესში რაიმე მკვეთრი გადანაწილება და არ მოხდეს ბანკროტი.მე ამ თემებზეც ვმსჯელობ, თუ გნებავთ, ქუმსიშვილს გუშინაც შევხვდი,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ეროვნულ ბანკზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში ყოფილი პროკურორები მუშაობენ, ყოფილი პრემიერი დასძენს, რომ ეჭვების დონეზე საუბრობს.

“გვარამია, მთავარი პროკურორის მოადგილე, დღეს მთავარ ჟურნალისტად წარმოგვიდგება. ისევეა ეჭვები ეროვნულ ბანკზე. საბჭოს წევრები არიან პროკურორები ყოფილი ბევრი და არაფერი საქმე არ აქვთ ეკონომიკასთან. მე ეჭვების დონეზე ვსაუბრობ და ვსაუბრობდი, რომ დროული არ იყო ჩართულობა.

კვლევა რომ ჩაატარო, უნდა გქონდეს მთლიანი სურათი, ჩვენ მთლიანი სურათი არ გვაქვს და ვერ ვხედავთ ამას, ამიტომ გვიჭირს კვლევების ჩატარება, მაგრამ ამის დროც იქნება, თუმცა არ მინდა ახალი აჟიოტაჟი გამოვიწვიო.

ჯობია დავენდოთ ეროვნულ ბანკს, ჯობია, რომ სტრუქტურებმა აგონ პასუხი, ვიდრე მე მათი კრიტიკა დავიწყო გარედან და ვთქვათ, ისევ საქმე გავაფუჭო ამით, თუმცა არ გამიფუჭებია თავის დროზე, მე ესე არ ვთვლი. ისინი მიმანიშნებენ ამაზე. დღეს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ამ თემას თავიდან ნუ ავრცელებთ”,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Comments
Loading...