ბიძინა ივანიშვილი ირმა ინაშვილს სთხოვს, შიმშილობა შეწყვიტოს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურ მდივანს ირმა ინაშვილს სთხოვს, პროტესტის უკიდურესი ფორმა – შიმშილობა შეწყვიტოს.

ივანიშვილის თქმით, შესაძლებელია, რომ არსებულ კითხვებს პასუხი სამართლებრივი გზით გაეცეს.

ამავდროულად, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ის შედეგი, რაც არჩევნებში ინაშვილის პარტიამ აჩვენა.

ყოფილი პრემირი ირმა ინაშვილს ულოცავს, რომ მათ „ქართულ ოცნებას“ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.

„მინდა მივულოცო ინაშვილს, რომ კოალიციას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. ჩემთვის მოულოდნელი იყო, რეალურად თანაბარი ბრძოლა დააფიქსირეს. სამწუხაროა განცხადებები, რომ არჩევნები გაყალბდა. ესეც აზარალებს დღევანდელ ხელისუფლებას. კარგი იქნებოდა დაკონკრეტებულიყვნენ, ტერმინი „გაყალბებული არჩევნები“ მიუღებელია. მოპარული არჩევნები არ ყოფილა, ჩუმად არავის არაფერი უკადრებია. მათ რიცხვში, მე, რაც შემეძლო თვალს ვადევნებდი. კონკრეტული კითხვები, რაც არსებობს გასაჩივრებულია. ქართველები მაქსიმალისტები ვართ, ყველაფერის კულმინაციაში აყვანა გვინდა. მინდა ვთხოვო ინაშვილს, ამ უკიდურეს ფორმაზე, შიმშილობაზე იქნებ უარი თქვას. მან ენერგიულად იბრძოლა. საქართველოში არსებობს კანონმდებლობა და შეიძლება კითხვებს პასუხი კანონიერად გაეცეს. ყველა დანარჩენმა პარტიამ ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან მსგავს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ კოალიციას. „პატრიოტთა ალიანსმა“ ბოიკოტი რომ არ გამოაცხადა, ეჭვები ჰქონდათ, რომ ხელისუფლებას ეთამაშებოდნენ. თურმე ასე არ ყოფილა, მათ რეალური წინააღმდეგობა გაუწიეს ხელისუფლებას და ნახეთ რა დღეში ყავთ ხელისუფლება დღეს ამ პარტიას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Comments
Loading...