ბიძინა ივანიშვილი იუბილარია

” შიშის და ჩურჩულის დრო დამთავრდა – ახლა ხმამაღლა, მთელი ხმით, მთელი საქართველოს და მთელი მსოფლიოს გასაგონად ლაპარაკის დროა, რომ მთელ საქართველოს, მთელ მსოფლიოს მივაწვდინოთ ჩვენი სიმართლე.”-ამ სიტყვებით მიმართა ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს, ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს და მასმედიის წარმომადგენლებს თავის ღია წერილში , რომელიც 2011 წლის ოქტომბერში “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს გამოაქვეყნა.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, 2012-2013 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საზოგადოება “მოქალაქის” და “2030”-ის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს დღეს, 18 თებერვალს 60 წელი შეუსრულდა.

ბიძინა ივანიშვილი დაიბადა სოფელ ჭორვილაში . მამა ჭიათურმანგანუმის კომბინატის მემაღაროე იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. მუშაობდა ჩარხმშენებელ ქარხანაში მუშად, უფროს ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია . მოგვიანებით საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. 1988 წელს დატოვა საქართველო და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც პარტნიორებთან ერთად გააგრძელა ბიზნეს-საქმიანობა და მალე უდიდესი კაპიტალის მფლობელი გახდა.

საქართველოში დაბრუნებული ივანიშვილი ფონდი “ქართუს” მეშვეობით საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. საზოგადო და ხელოვნების მუშაკებს აფინანსებდა, რითაც მძიმე წლებში ბევრი მათგანი გადაარჩინა და ღირსეული ცხოვრების საშუალება მისცა. ივანიშვილის სახელს უკავშირდება საქართველოში განხორციელებული მრავალი პროექტი და კულტურის ძეგლების რეკონსტრუქცია.

2011 წელს, “ნაციონალური მოძრაობის” ტოტალიტარული მმართველობის დროს, ივანიშვილმა , რომელიც ადრე საჯარო ცხოვრებას ერიდებოდა, ყველასთვის მოულოდნელად საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნისა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთა.

“ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი თანაბარნი და თანასწორუფლებიანი ვართ და ყველას თანაბრად გვაწევს პასუხისმგებლობა ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე. მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში, რადგან სიტყვა მოგეცით, აუცილებლად მოვალ!”-წერდა ივანიშვილი თავის მიმართვაში.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ -“ქართული ოცნება” გამარჯვება მოიპოვა და საქართველოში ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი რეჟიმი დაასრულა.

სააგენტო “ფოსტალიონი” ულოცავს ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს და ჯანმრთელობას უსურვებს მას, კიდევ მრავალი კეთილი საქმის საკეთებლად.

Comments
Loading...