ბიძინა ივანიშვილი ლევან მურუსიძეზე: “ეს ადამიანი არის ამის გარანტი”

ბიძინა ივანიშვილი ლევან მურუსიძეზე: “ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც არის დემოკრატიული გზით არჩეული, იკისრებს პასუხისმგებლობას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მას სურს, რომ მოსამართლეს ჰქონდეს ნდობა და პრესტიჟი, სასამართლო კი იყოს დამოუკიდებელი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების წევრები ვერ გაბედავენ სასამართლოს მუშაობაში ჩარევას, ამაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. თუმცა აუცილებელია თითოეული მოსამართლე გათავისუფლდეს წინა ხელისუფლების ვალდებულებისაგანაც.

ეს ადამიანი არის ამის გარანტი,”– ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 1 ოქტომბერს იუსტიციის საბჭოს ახალარჩეულ მდივანთან, ლევან მურუსიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მურუსიძე, რომლის გვარი ბევრ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს დღეს სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს.

ლევან მურუსიძე 1993-1998 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 2000-2004 წლებში ეკავა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობას.

2004 წლიდან 2005 წლამდე იყო გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი. 2005 წელს კი დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. 2006 წლის თებერვლიდან ივნისამდე იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2006 წლის 14 აპრილს არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად.

2005 წელს მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების (მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი) წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გათავისუფლების პროცესში.

მურუსიძის სახელს უკავშირდება სანდრო გვირგვლიანის საქმე. სწორედ ის არის ადამიანი, რომელმაც გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა. მისი გვარი ფიგურირებს სულხან მოლაშვილის საქმეში.

მიუხედავად მძიმე ბიოგრაფიისა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ის უვადო მოსამართლედ აირჩიეს. ეს ყველაფერი კი ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატის წარდგენას დაემთხვა.

თანაც ძალიან საეჭვოდ. ღარიბაშვილი ყველასგან მოულოდნელად თანამდებობიდან გუშინ წინ წავიდა, მისი განცხადებით საკუთარი სურვილით და დღეს, დედის დაკრძალვიდან მეორე დღეს, იუსტიციის საბჭოში მიმდინარე არჩევნების პარალელურად, ქუთაისში გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დაასახელეს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სკანდალური სამთავრობო ცვლილებები იუსტიციის საბჭოს არჩევნებს მიზამნიმამრთულად, მურუსიძის დანიშვნის გადასაფარად მოაწყვეს, თუმცა, თემის გადაფარვა ვერ მოხერხდა.

ოპოზიცია, ადვოკატთა კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ამას არ დათმობენ და აქციებს დაიწყებენ. აქციებში მონაწილეობის მზადყოფნას რიგითი მოქალაქეებიც გამოთქვამენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.